GE

განათლების სამინისტრო: სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩაშლილად მხოლოდ ერთ სკოლაში გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლის სამეურვეო საბჭოების არჩევნების თაობაზე ინფორმაციას აქვეყნებს და აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.

უწყება აქვეყნებს სტატისტიკურ ინფორმაციასაც და განმარტავს, რომ არჩევნები მხოლოდ ერთი სკოლის შემთხვევაში ჩაიშალა.

“საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით”, – წერია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ, 21 ივნისით დათარიღებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო პროცედურების დარღვევის გამო, არჩევნები ჩაშლილად მხოლოდ ერთ სკოლაში გამოცხადდა. კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების დაგროვების გამო, კი 50 საჯარო სკოლაში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. აღნიშნულ სკოლებში არჩევნების ხელმეორედ ჩატარების თარიღს სკოლების საარჩევნო კომისიები შვიდი კალენდარული დღის ვადაში თავად განსაზღვრავენ.

ამავე თემაზე:

„ვისი არჩევაც მინდოდა, ის ვერ შემოვხაზე“ – საკანონმდებლო ხარვეზი და სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების დღე EDU.ARIS.GE-ს ობიექტივში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური