GE

განათლების სამინისტროს შესაძლოა კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოს – „მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას“

პარლამენტში სამთავრობო პროგრამის განხილვის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული უწყებების და სამინისტროების გაერთიანება ან გაყოფა იგეგმება, მათ შორის საუბარია განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს განცალკევებაზე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის თქმით, თუ ეს დაყოფა მოხდება, შესაძლებელია კულტურის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტი შეუერთდეს, რომელ უწყებაში მოიაზრებს სპორტს, დეპუტატს ამის შესახებ არ უსაუბრია.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ორი უწყების გაერთიანება ხდებოდა, ის მსგავსი ინტეგრაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა უმრავლესობამ მაშინდელი პრემიერის ინიციატივას მხარი დაუჭირა.

„გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო, როგორც ადმინისტრაციული პრობლემები, ასევე განსაკუთრებით კულტურის სფეროს წარმოჩინებისთვის შესაძლებლობების შემცირება. ერთადერთი პოზიტიური შედეგი, რაც ცალსახად გაერთიანებამ გამოიწვია, გახლავთ სახელოვნებო და სპორტული განათლების მიმართულებით მართვის და პოლიტიკის შემუშავების პროცესების ჰარმონიზაცია. მაგრამ საქართველოსთვის, ისევე როგორც დიდი ცივილიზაციის სხვა ქვეყნებისთვის ვფიქრობ კულტურის უწყების ცალკე სამინისტროდ ფუნქციონირება არის მნიშვნელოვანი.

“თუკი მთავრობის დონეზე მოხდება პოზიციის შეჯერება, მე მხოლოდ ხელს შევუწყობ კულტურის სფეროს გამოყოფას გაერთიანებული უწყებიდან. შესაძლებელია ვიფიქროთ კულტურის და შესაძლებელია ტურიზმის ადმინისტრაციის გაერთიანებაზე, რადგან ბევრ ქვეყანაში არის მსგავსი პრაქტიკა. ჩვენი კულტურის წარმატებები მნიშვნელოვნად არის განპირობებული კულტურული მემკვიდრეობის უპირატესობებიდან. ჩვენი ტურისტების 75% პრაქტიკულად სტუმრობს საქართველოს სწორედ კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ღონისძიებების გამო“,- განაცხადა დეპუტატმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს, კულტურის და სპორტის სამინისტროების შერწყმა დაახლოებით ერთი წლის წინ, ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის „მცირე მთავრობის კონცეფციის“ ფარგლებში განხორციელდა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი