GE

„65 000 ლარზე მეტი ხუთი მივლინებისთვის“ – განათლების სამინისტროს ხარჯები 2021 წლის 9 თვეში, რა გამოიკვეთა ანალიზის შედეგად

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI-მ) გააანალიზა 2021 წლის 9 თვეში სამინისტროების მიერ ძირითად მიმართულებებზე გაწეული ხარჯები.

ორგანიზაციის მიერ 15 მარტს გასაჯაროებულ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველწლიურად აქვეყნებს ბიუჯეტის შესრულების 3 თვის, 6 თვის, 9 თვისა და 12 თვის ანგარიშებს. დოკუმენტებში წარმოდგენილია შესაბამისი პერიოდისათვის მხარჯავი დაწესებულებების მიერ გაწეული ხარჯები და ანალიზი. ამ ეტაპზე სამინისტროს გამოქვეყნებული აქვს 2021 წლის მხოლოდ 9 თვის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად პანდემიისა, 2020 წლის იმავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით გასულ წელს, მივლინების გარდა, ყველა კატეგორიაში მატება აღინიშნება.

IDFI ანგარიშში წერს, რომ ინფორმაცია 9 სამინისტროსგან მიიღეს. პასუხი არ მიუწოდებიათ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს. აღნიშნული 9 თვე ემთხვევა 2021 წლის პარლამენტის წინასაარჩევნო პერიოდს. ამასთან, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საჯარო დაწესებულებების დიდი ნაწილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასულები. დროთა განმავლობაში კი მოქმედებდა კომენდანტის საათი და საჯარო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, IDFI-მ გაანალიზა 2021 წლის 9 თვეში სამინისტროების მიერ ძირითად მიმართულებებზე გაწეული ხარჯები.

EDU.ARIS.GE-სთვის საინტერესო იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ანალიზი, სადაც ხარჯები კატეგორიებად არის დაყოფილი და წარმოდგენილი:

შრომის ანაზღაურების ხარჯები:

განათლების სამინისტროს შრომის ანაზღაურებაში იმავე პერიოდში 5.6 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. მათ მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 1.6 მლნ ლარამდე შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებას უკავია. ამასთან, 4 მლნ ლარზე მეტი თანამდებობრივ სარგოზე მოდის, ხოლო 45,600 ლარამდე – საკლასო დანამატზე, ხოლო ფულადი ჯილდო საერთოდ არ გაცემულა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომელთა რაოდენობა 243-ს შეადგენს.

სამივლინებო ხარჯები:

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2021 წელს, კორონავირუსის გავრცელების გამო, შეზღუდული იყო საერთაშორისო გადაადგილება, რის გამოც, 2020 წლის მსგავსად, მოსალოდნელი იყო სამივლინებო ხარჯების კლება. მიუხედავად ამისა, სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 941,000 ლარზე მეტი შეადგინა.

განათლების სამინისტრო სამივლინებო ხარჯებისთვის გაწეული თანხების მიმართულებით მე-4 ადგილს იკავებს. ჩხენკელის უწყების სამივლინებო ხარჯებმა 65,000 ლარზე მეტი შეადგინა. IDFI-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხა ჯამში 5 მივლინებაზე დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში მივლინებაზე მოდის, რომელიც ჯამში 48,000 ლარზე მეტი დაჯდა. ხარჯები შესაბამის კატეგორიებში კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

11,661 ლარი დახარჯა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმომადგენლობითი ხარჯების უზრუნველსაყოფად.

ჩხენკელის სამინისტროს ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების ხარჯმა ამ პერიოდში 122,388 ლარი შეადგინა, რითაც სამინისტროებს შორის მეოთხე ადგილზეა და უსწრებს გარემოს, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს. რაც შეეხება კომპანიებს, რომელთა მომსახურებითაც ისარგებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასე გამოიყურება: შპს თეგეტა მოტორსი – 10,936 ლარი; შპს რინ აუტო – 92,569 ლარი; შპს ამბოლი – 3,924 ლარი; შპს მ.ბ – 4,008 ლარი; შპს ავტოსერვისცენტრი+ – 4,085 ლარი; შპს გრინვეი საქართველო – 1,500 ლარი.

სამინისტროებიდან გამოთხოვილ სხვა ინფორმაციასთან ერთად, IDFI დაინტერესდა სამინისტროებში განხორციელებული შიდა აუდიტორული დასკვნებით.

შიდა აუდიტორული შემოწმების დოკუმენტაცია IDFI-ის მხოლოდ განათლების, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მიაწოდა, საიდანაც, ჩხენკელის უწყების მიერ მიწოდებული 5 სხვადასხვა ანგარიშიდან გაირკვა რომ: პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის შიდა აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში გამოვლინდა კონტროლის ეფექტური მექანიზმების ნაკლებობა, გაცემულ დაფინანსებასა და ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს შორის დიდი სხვაობა, შრომის ანაზღაურებისა და დანამატის გაცემის წესის არარსებობა, დაფინანსების მიზნებისა და მიღწეული შედეგების თანხვედრის ანალიზის პრობლემა და ა.შ.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ეფექტიანობის ანგარიშში პრობლემად გამოიკვეთა დაფინანსების სისტემის ბუნდოვანება და მისი პოლიტიკის განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების არარსებობა. სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ფინანსური და შესაბამისობის შიდა აუდიტორული ანგარიშით ირკვევა, რომ დაწესებულების ძირითადი ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვებში იყო გამოვლენილი და ამ მიმართულებით კონტროლის მექანიზმების ნაკლებობა წარმოადგენდა პრობლემას. ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამის შიდა აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ხელშეკრულებებში ცვლილებების არ ასახვა, მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა ან გვიან გაფორმება, დოკუმენტაციის სამინისტროსათვის წარდგენის ვადების დარღვევა და ზოგადად, სუსტი კონტროლის მექანიზმები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის არაგეგმიური შიდა აუდიტორული დასკვნის თანახმად კი, ცენტრს, ზოგიერთ შემთხვევაში, აკრედიტაციის პროცესში ჰქონდა დარღვეული ვადები. ამავე პროცესში კი გამოვლინდა ხარვეზები, რომლებმაც აკრედიტაციის მაძიებელი, ზოგიერთ შემთხვევაში, არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.

ასევე იხილეთ:

„ბატონო მიხეილ, რად გინდათ ამდენი მოადგილე და რესურსცენტრი, თუ ეს ამბები თქვენს ყურამდე არ მოდის? – დაგვირეკეთ, ჩვენ გეტყვით“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური