GE

„განათლების სისტემური რეფორმა იქნება პრიორიტეტული 2020 წლის განმავლობაში“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2019 წელს დაიწყო, პრიორიტეტი იქნება მომდევნო წლის განმავლობაშიც. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული 2019 წელი შეაჯამა.

„მინდა გამოვყო განათლება და ის, რასაც დღეს საქართველოს მთავრობა განათლების მიმართულებით, ახორციელებს. განათლების რეფორმა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური ცვლილება. ყველას კარგად მოგვეხსენება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ წარმატებას ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არ ექნება მდგრადი და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა, თუ ჩვენ არ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე განათლების სისტემა. სხვანაირად ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ვერ შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალური კონკურენციის ფარგლებში. განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო საქართველოს მთავრობამ 2019 წელს, გაგრძელდება და იქნება პრიორიტეტული 2020 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საშუალო და პროფესიული განათლების თვალსაზრისით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის ქვეყნის ბიუჯეტზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგთა ანაზღაურება დაახლოებით 300 ლარით გაიზრდება.

„სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ: ბავშვები, ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონრები, ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ, როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფოს და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური