GE

განათლების ხარისხის ცენტრი IDFI-ის კვლევას ეხმიანება და დეტალურ განმარტებას აკეთებს

IDFI-ის კვლევას, რომელიც ყველაზე მხარჯველი სსიპების გამოვლენას ეხებოდა EDU.ARIS.GE-სთან პასუხობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი დეტალურად განმარტავს რა თანხების გახარჯვაზეა საუბარი. 29 ივნისს მოწოდებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

“ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ:

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) გამოქვეყნებულ კვლევაში, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის პირველი 6 თვის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ცალსახად გვინდა აღვნიშნოთ, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც მითითებული იყო – 74243.48 ლარის ოდენობით, ეხება გაეროს განვითარების პროგრამის საგრანტო პროექტის ფარგლებში გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია მიწოდებული გვქონდა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის”, თუმცა გამოქვეყნებულ კვლევაში ინფორმაცია ასე არ დაფიქსირებულა. გამომდინარე იქედან, რომ კვლევის შედეგების გაცნობის შემდგომ მკითხველი არ იყოს შეცდომაში შეყვანილი, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ წარმომადგენლობითი ხარჯები არ გაწეულა ცენტრის თანამშრომლებისთვის ან ცენტრის მიერ დაგეგმილი რაიმე სხვა ღონისძიებებისათვის, არამედ მოხმარდა კონკრეტული საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილ დიდ აქტივობას, რომელიც კონკრეტული გაეროს გრანტის ფარგლებში მიზნობრივ დატვირთვას ატარებდა, კერძოდ:
2020 წელს, 17 წლიანი წყვეტის შემდეგ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემამ პირველად მიიღო სტუდენტები პროგრამებზე, რომელთა ფარგლებშიც, პროფესიის შესწავლასთან ერთად სრულ ზოგად განათლებასაც თავაზობს. ამ მასშტაბური ინიციატივის პილოტირება და დანერგვა განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ამ საგრანტო პროექტის ფარგლებში.

ტრენინგების პირველი ციკლი განხორციელდა 2020 წლის თებერვალსა და მარტში (პანდემიის დაწყებამდე), ხოლო მეორე ციკლი – 2020 წლის აგვისტოსა და სექტემბერში. თითოეულ ციკლში ჩართული იყო 150-მდე მონაწილე (ჯამში 300 მონაწილე). თითოეულმა მონაწილემ გაიარა 2 დღიანი შესავალი ტრენინგი და ასევე საგნობრივი ტრენინგები შემდეგი მიმართულებებით:

კომუნიკაცია ქართულ ენაზე (ტრენინგის ხანგრძლივობა 6 დღე);
მათემატიკური წიგნიერება (ტრენინგის ხანგრძლივობა 6 დღე);
მეწარმეობა (ტრენინგის ხანგრძლივობა 6 დღე);
მოქალაქეობა (ტრენინგის ხანგრძლივობა 6 დღე);
მეცნიერებები -ფიზიკა (ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე);
მეცნიერებები – ქიმია (ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე);
მეცნიერებები – გეოგრაფია (ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე);
მეცნიერებები – ბიოლოგია (ტრენინგის ხანგრძლივობა 4 დღე).

ტრენინგი წარიმართა ეროვნული სასწავლო გეგმების საგნობრივი სპეციალისტების მიერ წინასწარ შემუშავებული ტრენინგ-მოდულები საფუძველზე, პირისპირ ფორმატში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.

ვინაიდან ტრენინგზე მოწვეულები იყვნენ მონაწილეები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, საგრანტო პროექტი ითვალისწინებდა ტრენინგის ფარგლებში მონაწილეთა სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს. ამასთან, ხარჯების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით, პროექტი უზრუნველყოფდა ტრენინგების ჩატარებას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცებში და არა სასტუმროებსა თუ სხვა სატრენინგო ლოკაციებზე.

გარდა მასწავლებელთა გადამზადებისა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2020 გადამზადება გაიარა კოლეჯების ადმინისტრაციის ასზე მეტმა წარმომადგენელმა.

სწორედ ამ აქტივობებს მოხმარდა აღნიშნული წარმომადგენლობითი თანხები. დამატებით გაცნობებთ რომ ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კონკრეტული წარმომადგენლობითი ხარჯი მოთხოვნილ პერიოდში შეადგენს 6.000 ლარს და დარწმუნებული ვართ გამოდგება საუკეთესო მაგალითად- როგორც ყველაზე დაბალი დანახარჯი წარმომადგენლობითი ხარჯების თვალსაზრისით.

(დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ წარმოგიდგინოთ დაწვრილებითი ინფორმაცია კოლეჯებისა და კონკრეტული ლოკაციების მითითებით)”, – განმარტავს ცენტრის ხელმძღვანელი თამარ მახარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 75 სსიპის მიერ მიწოდებული საჯარო ინფორმაცის საფუძლელზე ჩატარებული კვლევა არაამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ 25 ივნისს გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯები მნივშენლოვნად შემცირდა, რაც მეტწილად პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას და მსოფლიო მასშტაბით გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები დაფიქსირდა ისეთ პერიოდებში, როდესაც უკვე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები საკვებ ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე.

მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი წარმომაგელობითი ხარჯები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ჩამონათვალში გვხვდება განათლების და მეცნიერების სამინისტოს სსიპი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც 2019 წელს ჰქონდა 145,090.14 ლარის ხარჯი, 2020-ის 6 თვის მონაცემებით კი -74,362.48 ლარის დანახარჯი.

საქართველოში ყველაზე მსხვილ მხარჯველ სსიპებს შორის განათლების სამინისტროს სსიპიც მოხვდა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური