GE

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის „ევროპული“ სტანდარტები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 დეკემბრის N1081 და N1082 ბრძანებების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან გაუქმდა 14 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტები/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები; ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამებზე იანვრიდან მიღება აღარ განხორციელდება, ხოლო სტუდენტები, რომლებიც ამ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, მილევად რეჟიმში დაამთავრებენ აღნიშნულ კურსს;

ამ ინფორმაციის გასაცნობად და უკუკავშირის მოსასმენად ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამმართველომ სახელმწიფო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ყველა დაინტერესებულ პირს შეხვედრა დაუთქვა. შეხვედრას სამმართველოს სპეციალისტი თეა ნადირაძე უძღვებოდა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მან თავიდანვე ისე ენერგიულად აამოქმედა „გაღმა გაედავეს“ სტრატეგია, რომ მარტომ შეძლო გამკლავება ლეგიტიმურ კითხვებთან და არგუმენტირებულ საყვედურებთან, რომელიც სახელმწიფო კოლეჯების წარმომადგენლებისაგან (უმრავლესობა არც მოსულა შეხვედრაზე) განსხვავებით, კერძო კოლეჯებისგან ღიად გამოიხატა;

შეხვედრის წამყვანს არ დასჭირვებია დამკვირვებლის როლში დარჩენილი კოლეგებისა და უფროსის ნინო ბერელიძის დახმარება, რომელმაც წინა დღეებში EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, კითხვაზე – რატომ და რა სამართლებრივ საფუძველზე გაუქმდა ეს 14 ჩარჩო დოკუმენტი/სტანდარტი? ასე უპასუხა: „პირველი ხუთი მიმართულება ჯანმრთელობის დაცვას მიეკუთვნება. მათ შორის არის პრაქტიკოსი ექთანი, რომელიც არც საერთაშორისო და არც ადგილობრივი გამოცდილებით, არ არის ექთანი. ეს არის რეგულირებადი პროფესია და სტანდარტი არ პასუხობდა მოთხოვნებს, არ იყო საერთაშორისო და დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი. 2017 წელს თვითონ დამსაქმებელმა, გარე ინიცირების საფუძველზე, დაიწყო ანალიზი, გამოკვეთა საჭიროებები და შეიმუშავა ჩარჩო დოკუმენტი; ამ პროცესში  ჩართული იყო ყველა მხარე და ეს დოკუმენტი ექთნის კვალიფიკაციისთვის 2018 წლის მაისში დამტკიცდა. ორი ექთანი ბუნებაში ვერ გვეყოლება, ერთი ისეთი კომპეტენციით, როგორც უნდა იყოს და მეორე –ნახევარი კომპეტენციით…“

მიუხედავად ამისა, მაისიდან დღემდე ერთდროულად ორი სტანდარტი მოქმედებს, რადგან ძველს მოქმედება არ შეჩერებია. უფრო მეტიც, სულ ორიოდე თვის წინ რამდენიმე კოლეჯმა „პრაქტიკოსი ექთნის“ პროგრამებზე ავტორიზაცია მოიპოვა. როგორც ისინი ამბობენ, მაშინ არავის გაუფრთხილებია ამ პროგრამების „მკვდრადშობილობის“ რისკებზე; მთელი და ნახევარი კომპეტენციის თემა სადღეისოდ ასე დალაგდა: „ნახევარკომპეტენციანთა“ პროგრამები მილევად რეჟიმში გრძელდება. „მთელკომპეტენციანთა“ პროგრამებს წინ მომზადებისა და ავტორიზაციის პროცესი ელის.

მაშინათვე რატომ არ გაუქმდა ძველი დოკუმენტები?

როგორც ნინო ბერელიძე განმარტავს, „პროფესიული განათლების ძველ კანონში არაფერი იყო ნათქვამი იმაზე, როცა ჩარჩო დოკუმენტები და სტანდარტები იცვლება, როგორ წარიმართება პროცედურა ძველ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების მიმართ; ისინი კვალიფიკაციის მიღმა რომ არ დარჩენილიყვნენ, შევინარჩუნეთ ორივე სტანდარტი და დაველოდეთ ახალი კანონის ამოქმედებას, რომელიც  ამბობს, რომ ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამიტომ არ გავაუქმეთ წინა დოკუმენტები“.

23 საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებიც “პრაქტიკოსი ექთნის“ პროგრამას ახორციელებენ, ბევრ მათგანს ავტორიზაცია სულ ახალი მიღებული აქვს. წესით და რიგით, ცენტრს, რადგან მას არა მხოლოდ მაკონტროლებელი, არამედ განმავითარებელი ფუნქციაც აქვს, ჩართული მხარეებისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. ასეთ შემთხვევაში, ცხადია არავინ, მით უფრო, კერძო კოლეჯები ძველ სტანდარტზე აღარ ააგებდნენ ახალ პროგრამებს ავტორიზაციაზე წარსადგენად.

შპს ,,ორიენტირის“ ხელმძღვანელი თამაზ მაჭარაშვილი: „პრობლემა ყველასთვის ერთია და უკავშირდება დამატებით ხარჯებს. მაგალითად „პრაქტიკოსი ექთანი“ დავიმატე ორი თვის წინ… ახალი სტანდარტი რომ არსებობდა ვიცოდით, მაგრამ თუ ამ ძველ სტანდარტს შეეხებოდნენ ეს არ იყო ცნობილი, თორემ ერთი წლისთვის ხომ არ მოვამზადებდით?“

–„პრაქტიკოსი ექთნის“ ე.წ.  მოდულური პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები წელს გვყავდნენ. მიუხედავად მოწოდებული ინფორმაციებისა, რომ მოხდებოდა ამ პროგრამის ჩანაცვლება ახალი „საექთნო საქმის“ პროგრამით, „პრაქტიკოსი ექთნის“ განმახორციელებელ კერძო პროვაიდერებს მაინც გვქონდა იმედი, რომ მოხდებოდა პროგრამის შედეგების გაანალიზება  და ავტორიზაციის ვადით მოგვეცემოდა მისი  განხორციელების უფლება, რაც რეალურად არ მოხდა. ჩვენ ახლა მივიღებთ ასეთ სურათს: ერთდროულად ექთნის კვალიფიკაციის მიმართულებით იმუშავებს 3 პროგრამა: ძველი საგნობრივი პროგრამა, მიმდინარე მოდულური (პრაქტიკოსი ექთანი) და მომავალ წელს განსახორციელებელი ახალი „საექთნო საქმის“ პროგრამა. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი სტანდარტი ნამდვილად  გაუმჯობესებულია და დაახლოებულია ევროკავშირის მოთხოვნებთან, თუმცა ვფქრობთ, რომ დღეს ბევრი კლინიკა  ვერ დააკმაყოფილებს „საექთნო საქმის“ პროგრამით მოთხოვნილ პირობებს.

„განსაკუთრებით, აქცენტს ვაკეთებთ ადამიანურ რესურსზე, პროგრამის პრაქტიკული  კომპონენტის განმახორციელებელ პირებზე, რომლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგებიან. ახალი პროგრამების განხორციელებას სწავლების ახალი მიდგომები, შეფასების ახალი ინსტრუმენტების შემუშავება სჭირდება. ასევე,  კეთდება აქცენტი ინგლისური ენის ფლობაზე, რასაც  დღეს სისტემაში დასაქმებული ექთნების უმრავლესობა ვერ დააკმაყოფილებს.  სირთულეს წარმოადგენს ასევე თანაფარდობა ექთან–მასწავლებელსა და პროფესიულ სტუდენტს შორის, რომელიც ახალი „საექთნო საქმის“ პროგრამით უნდა იყოს 1/7! რაც ასევე სირთულეს შეუქმნის აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პარტნიორ კლინიკებს. ცალსახად ვერ დავეთანხმები იმ მიდგომას, რომ აქამდე ნახევარი კვალიფიკაციისკადრებს ვუშვებდით ბაზარზე…  არც ერთ დამსაქმებელს არ დაუჩივლია ჩვენი კურსდამთავრებულების „ნახევარკვალიფიკაციაზე“. თავად დამსაქმებლები იყვნენ ჩართული ამ პროფესიული სტანდარტების/პროგრამების შექმნაში და განხორციელებაში და როდესაც  სტუდენტი კლინიკაშია, იქ გადის პრაქტიკულ კომპონენტს… შესაბამისად, ის იძენს ყველა კომპენტეციას, რაც დამსაქმებელს სჭირდება. ზუსტად ეს არის კომპენტეციებზე დაფუძნებული სწავლება, რასაც რეალური შედეგი აქვს –დასაქმებული კურსდამთავრებული. ასე რომ, ამ შეფასებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, თანაც იმ პირობებში, როდესაც  ჩვენს კოლეჯს დასაქმების მაჩვენებელი 80-90% აქვს“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეასდამფუძნებელი,  დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე.

–„ამ  საკითხზე საუბრები იყო და ინფორმაციაც გვქონდა, მაგრამ გარკვეული ნიუანსები მოულოდნელი აღმოჩნდა. მაგალითად, იყო ინფორმაცია, რომ ჩვენი პროგრამები, რომლებიც ახლადავტორიზებული იყო დარჩებოდა; ჩვენ განვითარების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მეტი სტაბილურობაა საჭირო. როცა ახალი ტექნიკურ აღჭურვილობას იძენ, კადრს არჩევ, ავტორიზაციას გადიხარ და ერთ წელიწადში კიდევ ახლიდან დაწყება გჭირდება, ეს ფინანსურად დიდ ტვირთად გვაწვება; აჯობებდა, ჩარჩო დოკუმენტები ასე ხშირად არ იცვლებოდეს და ავტორიზაციის ვადების გათვალისწინებაც ხდებოდეს“, – აღნიშნავს  საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასონის დამფუძნებელი რაინდი ლომაია.

შეხვედრაზე ნინო გომელაურმა (მარნეულის კოლეჯი) აღნიშნა, რომ  ახალი სტანდარტის მიხედვით, სტუდენტი პაციენტთან უშუალოდ უნდა ასრულებდეს სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებს (კატეტერიზაციას, მშობიარობის მიღებას და ასე შემდეგ), ჩვენი პარტნიორებისგან (ჯეოჰოსპიტალის ქსელი, „ავერსის“ კლინიკები) მივიღეთ განმარტება, რომ ამაზე ვერ მოაწერენ ხელს, რადგან კანონი პაციენტის შესახებ ამბობს, რომ პაციენტს აქვს უფლება მიიღოს კვალიფიციური მომსახურება. სტუდენტს კვალიფიკაცია არ აქვს მინიჭებული და ეს წინააღმდეგობა სახეზეა.  როგორც ამბობენ, რომელიღაც კოლეჯმა უკვე მიიღო უფლება ახალ პროგრამაზე, მაინტერესებს მათ როგორ დაძლიეს ეს წინააღმდეგობა?“

„თქვენ უნდა იმუშაოთ პარტნიორებთან, როგორ იმუშაოთ ამას მე ვერ გასწავლით. უნდა შეთანხმდეთ; მსოფლიო არ ათამაშებს სტუდენტს მულაჟებზე, თუ მსოფლიო ამ საკითხს ასე წყვეტს, თქვენც უნდა გადაწყვიტოთ!“, – ასეთი იყო შეხვედრის წამყვანის  „განმავითარებელი“ უკუკავშირი პროვაიდერის განაცხადზე;

კოლეჯებს განუმარტეს, რომ მათი გადასაწყვეტია ახალ პროგრამების ავტორიზაციაზე შემოიტანენ განაცხადს, თუ ძველის მოდიფიცირებას მოახდენენ, „აქ დგას ერთი საკითხი: ფასიანი იქნება თუ არა მოდიფიცირების საკითხი, რასაც ავტორიზაციის სამსახური განმარტავს“, – აღნიშნა თეა ნადირაძემ.

მაგრამ შეხვედრის მონაწილეებმა ვერ მიიღეს ვერც განმარტება და ვერც პასუხი ამ და სხვა კითხვაზე (ახალი პროგრამების ავტორიზაციის წესებისა და ვადების შესახებ); რადგან ავტორიზაციის სამმართველოს წარმომადგენელმა ასე განაცხადა: „გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან ჯერ კიდევ დაზუსტებული არ არის ზოგიერთი საკითხი და მოდიფიცირების შემთხვევაშიც პროგრამების ავტორიზაციის პროცესს მინიმუმ 90 დღე დასჭირდება; ამაზე ჯერ ვმუშაობთ“.

კოლეჯების წარმომადგენელთა მხრიდან უკმაყოფილობა გამოითქვა არასტაბილური მიდგომებისა და მოულოდნელი ცვლილებების გამო, რაც მათ ცუდ პირობებში აყენებს.

„თუ ატყობთ, რომ აქ მხოლოდ კერძო კოლეჯების ხელმძღვანელები აქტიურობენ და რატომ? ერთი წლის წინ რომ მივიღე პროგრამაზე ავტორიზაცია და მე ამისათვის გავიღე რესურსი, ხომ უნდა ვიმუშაო ამ პროგრამით? თუ არ ვარგოდა, აგოს პასუხი იმან, ვინც პროგრამას მისცა ავტორიზაცია… ჩვენი წინააღმდეგობის საგანი არ გახლავთ განვითარებაზე ზრუნვა და სტუდენტზე ორიენტაცია, ეს ჩვენი პრიორიტეტიცაა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს გონივრულად, ჩვენ ამაში თანხებს ვხარჯავთ, გადასახედებს ვიხდით და ამით სხვებსაც ვასულდგმულებთ, მაგრამ ხელშეწყობასაც უნდა ვგრძნობდეთ, რომ აღარაფერი ვთქვათ, კერძო სექტორის მიმართ პასუხისმგებლობაზე. როცა წინა ჩარჩო დოკუმენტებსა და სტანდარტებს ამტკიცებდით, მაშინაც იგივეს გვპირდებოდით, მაგრამ განსხვავებული რეალობა მივიღეთ. ახლა  ვიცით, ამ სიტუაციას არაფერი ეშველება, მაგრამ სამომავლოდ მიდგომა უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნა რაინდი ლომაიამ.

„ეს არის ბოლო წერტილი რადიკალური ცვლილებების და უკვე 2019 წლიდან იქნება უფრო მეტი სტაბილურობა. ვფიქრობთ, ვადები განისაზღვროს არანაკლებ სამი წელი და ხუთი წელი, ავტორიზაციის ვადა არის სხვა რამ და ჩარჩო დოკუმენტების ვადა არის სხვა. ეს შეხვედრა იმიტომ დავგეგმეთ, რომ თქვენი მოსაზრებებიც მოვისმინოთ. შეხვედრები კიდევ გვექნება. ახლა მიდის მუშაობა დირექტორთან. მისი პოზიციაა, რომ არსებული სისტემური ხარვეზები გამოვასწოროთ რაც შეიძლება უმტკივნეულოდ“, – აღნიშნა ხარისხის განვითარების ცენტრის სამმართველოს სპეციალისტმა თეა ნადირაძემ.

კოლეჯებისთვის უმტკივნეულოდ ეს პროცესი ვერანაირად ვერ ჩაივლის და ეს უკვე ფაქტია, მაგრამ არც სტუდენტები არიან მომგებიან მდგომარეობაში და არც მათი საუკეთესო ინტერესებია დაცული, როცა უახლოეს ორსამ წელიწადში  შრომის ბაზარზე ბევრი მათგანი ეგრეთწოდებული ნახევარი კვალიფიკაციის სტატუსით გავა, გამოდის, რომ სისტემამ ისინიც გაიმეტა მტკივნეული შედეგისათვის.

კრიტიკა გამოითქვა ასევე ფარმაცევტის თანაშემწის მიმართულებით შემუშავებული ახალი რეგულაციებისადმი, რომელზეც არ მოხდა კოლეჯების გამოცდილების, მათი მოსაზრებების გაზიარება. „ამ მიმართულებასთან დაკავშირებით, მსოფლიოში არ არსებობს ასეთი კვალიფიკაცია და და ახლა შევუსაბამეთ ევროდირექტივებს!“, – აღნიშნა შეხვედრის წამყვანმა. რეპლიკას კი „თავიდან რატომ არ გაითვალისწინეთ ეს ნორმები!“ საკმაოდ გაღიზიანებული პასუხი მოჰყვა: „შეგვეშალა! თქვენ არ გეშლებათ არაფერი?!“, „გვეშლება, მაგრამ სხვებს არ ვაზარალებთ!“ იყო პასუხის პასუხი.

მოკლედ, „პრაქტიკოსი ექთნის“ პროგრამაზე მსჯელობაში ჩაიკარგა სხვა გაუქმებული ჩარჩო დოკუმენტების/სტანდარტების საკითხი, თუმცა იანვარში გაუქმებული 14 და მომავალი წლის ბოლოდან გაუქმებული 39 პროგრამიდან თითოეული ცალკე განსჯის თემაა და სხვადასხვანაირ თავის ტკივილს უჩენს კოლეჯებს, რაც მოიყოლიებს ეჭვებსა და ნდობის შემცირებას იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ევროპული სტანდარტებით მუშაობის მაგალითს თავადაც უნდა ამკვიდრებდეს.

ამავე თემაზე:

1-ლი იანვრიდან 14 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი უქმდება

2019 წლის ბოლომდე კიდევ 39 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი უქმდება

მოამზადა ნინო კაპანაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური