GE

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მართვის ახალი ორგანო –საკოორდინაციო საბჭო ემატება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მართვის ახალი ორგანო – საკოორდინაციო საბჭო ემატება. როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბარში სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, ეს იქნება საკონსულტაციო საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N78/ნ , რომელიც 2018 წლის 31 მაისს გამოქვეყნდა, ეხება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მართვის სისტემის ცვლილებებს;

„უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული ქსელის (ENQA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს, რომლებიც ჩვენთან მონიტორინგზე იმყოფებოდნენ, ჩვენთვის პრაქტიკა არ დაუწუნებიათ, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს პრაქტიკა პიროვნული მიდგომებიდან მომდინარეობს და ცვლილების შემთხვევაში, მისი შენარჩუნება გარანტირებული ვერ იქნება. ამიტომ კარგი პრაქტიკების გათვალისწინებით, მივდივართ იმ გზით, რომ პროცესში ჩართული მხარეები შემოვიყვანოთ ფორმალური გადაწყვეტილებების მიღებაში“, – აღნიშნავს თამარ სანიკიძე.

ზემოთ ნახსენები ბრძანებით განსაზღვრული ცვლილებების მიხედვით, საკოორდინაციო საბჭო იქნება ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კოლეგიალური ორგანო. საბჭოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს –13 წევრს, ცენტრის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს მინისტრი. წევრთა უფლებამოსილებას ორწლიანი ვადა აქვს, ერთი წევრი საბჭოში, ზედიზედ, მხოლოდ 2-ჯერ შეიძლება დაინიშნოს.

„საკოორდინაციო საბჭოს წევრთა საქმიანობა ხორციელდება ანაზღაურების გარეშე“,– აღნიშნულია დოკუმენტში. ასე რომ, ეს სიახლე საჯარო სტრუქტურების ოპტიმიზაციის პროცესთან წინააღმდეგობაში არ არის.

EDU.ARIS.GEის კითხვაზე, ვინ იქნებიან საკოორდინაციო საბჭოს წევრები და როდისთვის დამტკიცდება საბჭოს შემადგენლობა, თამარ სანიკიძე განმარტავს:

„ვმუშაობთ ამ საკითხებზე, პიროვნებებს (მათი არეალი დოკუმენტით განსაზღვრულია) ჩვენ წარვადგენთ, მაგრამ მინისტრი ამტკიცებს. შექმნილ სიტუაციაში, პროცესი შეფერხდა. თვითშეფასებაში, რომელსაც ჩვენი ENQA-ში გაწევრიანების პროცესისთვის ვამზადებთ, გვინდა დავადასტუროთ, რომ ამ მიმართებით, პრაქტიკიდან სისტემურ მიდგომაზე გადავედით. ანუ მისია რომ ჩამოვა, შემადგენლობა დამტკიცებული კი არა, პირველი სხდომა უკვე ჩატარებული უნდა იყოს. მისია ნოემბერში ჩამოდის, აქედან გამომდინარე, საბჭოს შემადგენლობა ზაფხულის ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში უკვე დამტკიცებული უნდა გვქონდეს. ამიტომ როგორც კი დამთავრდება მთავრობის ფორმირება, ამაზე ვიზრუნებთ.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური