GE

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საერთაშორისო მააკრედიტებლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს 10 წლის ვადით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციამ საერთაშორისო მააკრედიტებლის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია აქვეყნებს.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციამ საერთაშირისო  მააკრედიტებლის სტატუსი სამი ქვეყნის აკრედიტაციის სააგენტოს მიანიჭა. აღნიშნული სტატუსი ინდონეზიისა და ტაილანდის ქვეყნებთან ერთად საქართველომაც მიიღო, რაც იმას ნიშნავს რომ სამივე ქვეყნის აკრედიტაციის ორგანო,  სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ინფორმაციით, სამივე ქვეყნის უწყებამ მააკრედიტებლის სტატუსი 10 წლის ვადით მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფედერაციისგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება კი ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.

აღნიშნულ სიახლეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ სანიკიძე გამოეხმაურა.

“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დიდი წარმატება! სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის აღიარება! საერთაშირისო მააკრედიტებლის სტატუსი! სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან! გილოცავთ ყველას ვინც თქვენი წვლილი შეიტანეთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში! 2 წლის დაუღალავი შრომის შედეგი!”, – აღნიშნულია თამარ სანიკიძის განცხადებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური