GE

განიმარტა, რა შემთხვევაში ვერ ჩაირიცხება უკრაინის მოსწავლე საქართველოს სკოლაში – მინისტრის ბრძანება

როგორც 17 მარტს გახდა ცნობილი, სურვილის შემთხვევაში, უკრაინის სკოლის მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

18 მარტს გამოქვეყნებულ ბრძანებაში კი, რომელსაც განათლების მინისტრი აწერს ხელს, დეტალები დაზუსტდა. კერძოდ, დაემატა გარდამავალი დებულება, რომელიც ერთის მხრივ ითვალისწინებს გამარტივებულ ჩარიცხვას და ასევე ჩაიწერა თუ რა მოხდება გამარტივებული ფორმით წარმოდგენილი დოკუმენტის სიყალბის დადგენის შემთხვევაში:

“პირის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, საკმარისია ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც დასტურდება პირის უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის ფაქტი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიყალბე, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილება პირის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბათილია მისი ძალაში შესვლის დღიდან“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ზემოაღნიშნული ცვლილება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით (სსმ III, 01.10.2010, №126, მუხ.1839) დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში შევიდა და განისაზღვრა რომ:

“საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცეს უფლება, პირი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებს უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხოს იმ კლასის შესაბამის კლასში, რომელშიც აღნიშნული პირი სწავლობდა უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირზე არ ვრცელდება, ამ წესით გათვალისწინებული, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისათვის დადგენილი რეგულაციები”.

ასევე იხილეთ:

„სურვილის შემთხვევაში, უკრაინის სკოლის მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური