GE

„გაოცებული ვიყავი ამერიკელი მასწავლებლებით“ – რას ჰყვება ქართველი კურსდამთავრებული ამერიკულ სასკოლო სისტემაზე

ნინო ოქროაძე ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე იყო, როდესაც მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა და ერთი წლით ამერიკაში გაემგზავრა. იქ აიოვას შტატში, საჯარო სკოლაში, Ankeny high school, მეთორმეტე კლასი დაამთავრა.

ნინო ოქროაძე ახლა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობს. ის EDU.ARIS.GE-ს უყვება იმ საინტერესო გამოცდილების შესახებ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლის მოსწავლეობის დროს დააგროვა.

ნინო, მოგვიყევი როგორ და სად ისწავლე ინგლისური ახალქალაქში ისე, რომ ამერიკის სკოლაში დამამთავრებელ კლასში შეძელი ყველა საგნის სწავლა ყოველგვარი შეღავათების და იქ ენის კურსის გავლის გარეშე?

–ბავშვობიდან შევამჩნიეთ, რომ ენების შესწავლის ნიჭი მქონდა. დედაჩემმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება. მას რომ არ მოენდომებინა, ვერსად წავიდოდი. სკოლაში კარგად ვსწავლობდი ინგლისურს. მეცხრე კლასში მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამატებით მემეცადინა. მასწავლებლის მიერ გავიგე ამ პროგრამის შესახებ და აქტიურად დავიწყე მზადება. მოხალისე ამერიკელი მასწავლებელი ცხოვრობდა ჩემთან და მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი ინგლისურის დახვეწაში.

პირველ ცდაზე, მეცხრე კლასში ვიყავი, გავედი რეზერვისტად. მეათეშიც, ეტყობა, ვერ წარმოვაჩინე ჩემი თავი. ყველა ჯერზე ფინალამდე მივდიოდი და ვერ ვიმარჯვებდი. ბოლო ცდაზე გამიმართლა და უკვე მეთერთმეტეკლასელი გავემგზავრე ამერიკაში და იქ ვისწავლე მეთორმეტე კლასში.

–ამერიკაში როგორი სასკოლო სისტემაა?

–ჩვეულებრივ, პირველიდან მეთორმეტე კლასამდეა სკოლა. მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასები ცალკე შენობაშია განთავსებული. დაბალი კლასები – ცალკე.

მეთორმეტეკლასელები პროექტებზე მუშაობენ, ბოლო სემესტრში უნივერსიტეტისთვის ემზადებიან, აპლიკაციებს ავსებენ, შეხვედრებზე დადიან, სადაც ეხმარებიან პროფესიული არჩევანის გაკეთებაში. სკოლის დამთავრების დროს უკვე გარკვეული ხარ, სად გინდა ჩაბარება. აქ კი პირველ კურსზეც არ ხარ ჩამოყალიბებული, რა პროფესია გინდა.

–როგორია იქაური სისტემა, საგნები, ცხრილი?

–იქ აგვისტოს ბოლოს იწყება სწავლა. მისვლის დღეს მიმიწვიეს სკოლის დასათვალიერებლად. მიმიყვანეს ჩემს მრჩეველთან. ბავშვი თვითონ ირჩევს ცხრილს, რისი სწავლა სურს. არის რამდენიმე საგანი, რომელიც სავალდებულოა: იქაური სამოქალაქო განათლება, ინგლისური და მათემატიკა, ან უნარები.

ყველაფერს ირჩევ შენს მრჩეველთან ერთად. არ გეუბნებიან, რომ მაინცდამაინც ფიზიკა უნდა ისწავლო, ან სხვა რომელიმე საგანი. იქ კომპიუტერებს ურიგებენ ყველა მოსწავლეს, რომ სამუშაო პროცესში კომპიუტერის არ ქონის გამო არ შეექმნას პრობლემა. ეს კომპიუტერები წლის ბოლოს უკან ბრუნდება.

საშვებს გაძლევენ, რომლის გარეშეც სკოლაში ვერ შეაღწევ. ძალიან პატარა კლასებია. 15-16 კაცი, მაქსიმუმ, კლასში. ყველაზე ბევრი 21-კაციანი ჯგუფი იყო, ისიც სპორტის გაკვეთილზე.

ბავშვებს საოცრად აქვთ გაცნობიერებული, რომ უნდა ისწავლონ. რომ არ ისწავლონ, ეს მათ ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედებს.

საქართველოსთან რომ გავავლოთ პარალელი, აქ ბავშვი იმ საგნებსაც სწავლობს, რომელიც არ უნდა. იქ ისეთ საგნებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც შემდგომ დასჭირდებათ. იქ სრული თავისუფლებაა და ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, რომ სკოლა ხელს გიწყობს ყველაფერში.

–რამდენ საგანს ირჩევთ სკოლაში, ჯგუფები როგორ დგება?

–დღეში გვაქვს 8 საგანი. მეთორმეტეკლასელებს შეუძლიათ 6 საგანი ჰქონდეთ. მე 6 მქონდა. გამოყოფილია საგანი და შენ არჩევ, რა დონე გინდა. თუ შევსებულია დონე, მერე გიწევს სხვა შემცვლელი საგნის არჩევა, რომელიც კრედიტებს შეგივსებს.

–სწავლის პროცესში რა მოგეწონა? დადებით მხარეები რა აქვს იქაურ სასკოლო განათლებას?

–პირველი საგანი, რომელიც მომეწონა იყო ამერიკის მმართველობის სისტემის შესახებ, სახელმწიფო მართვა. როგორ ხდება დამნაშავის აღმოჩენა (ვდგამდით კიდეც სცენებს, როგორ იჭერს პოლიცია დამნაშავეს), პოლიციას რა უფლებები აქვს, მთელი ამერიკის მმართველობის სისტემები გაგვაცვნეს. ეს საგანი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მასწავლებელი იყო საოცრება. არ არსებობდა გაკვეთილი, რომ პრეზენტაციებით არ ესწავლებინა. ვიზუალური მასალა იყო ისეთი, როგორიც ახლა უნივერსიტეტებში გვაქვს. ბავშვის კლასიდან გაგდება და ასეთი რაღაცები არ ხდება. ყურადღებით ხსნიან გაკვეთილს. შენს ყველანაირ აზრს პატივს ცემენ. მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებაზე ზრუნავენ.

ზოგადად, შეფასების მხრივაც სხვა სისტემაა. მაგალითად, არ დაგაკლებენ ნიშანს იმის გამო, რომ კლასში ცუდად იქცეოდი. შენს შრომას მაქსიმალურად აფასებენ. მიუხედავად იმისა, სწორად გქონდა თუ არა დავალება გაკეთებული.

კლასგარეშე აქტივობებს, კლუბებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი კაფეტერია აქვთ და იქ კედელზე გამოკრულია სკოლაში არსებული კლუბების აფიშები. თუ ბევრ კლუბში ჩაეწერები და მოხალისეობა ბევრი დაგიგროვდება, უნივერსიტეტში უპირატესობა გეძლევა, როგორც აქტიურ ადამიანს. მე დებატების კლუბში ვიყავი. ვხვდებოდით, განვიხილავდით სხვადასხვა საკითხებს.

წლები არ არსებობს ამერიკაში. არ იციან. ფაქტობრივ ცოდნას არ აქცევენ დიდ ყურადღებას.

სპორტი პირველ ადგილზეა ამერიკაში. ყველა ბავშვს სპორტი უნდა უყვარდეს და უყვარს კიდეც. ბავშვობიდან დაჰყავთ გიმნასტიკაზე, ცეკვაზე.

–მასწავლებლებზე რას იტყვი? იყვნენ ისეთები, რომლებიც არ მოგეწონა და ისეთები, რომლებიც ძალიან მოგეწონა?

–თავიდან ბიოლოგია ავირჩიე. სულ უცხო ბავშვები ისხდნენ. ჯგუფური მუშაობა გვქონდა. მასწავლებელი ისეთი მკაცრი აღმოჩნდა პირველივე დღიდან. რაღაცები დაგვაწერინა. სამედიცინო ტერმინები საიდან უნდა მცოდნოდა! კიდევ კარგი, ჩემი დაწერილი არ წაიკითხა. სხვებს უთხრა, ეს რა გიწერიათო, – მკაცრი სახით. მეთქი ამ მასწავლებელთან მე ვერ დავრჩები! იმ დღესვე წავედი მრჩეველთან და ვუთხარი, ეს საგანი ჩემი ცხრილიდან ამოეღოთ.

სახელმწიფო მართვის მასწავლებელი ხომ მომეწონა, მეორე იყო ჩინურის მასწავლებელი, რომელიც მთელი სულით და გულით ისმენდა ჩვენს ნათქვამს.

მასწავლებლები თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. აქ გვყავდა მასწავლებლები, რომლებსაც რამეს რომ ვკითხავდით, გვეტყოდნენ, წიგნში წაიკითხეთ და არასდროს გვპასუხობდნენ ზეპირად. იქ რომ ეკითხები, პირიქით, მოგიტანს პრეზენტაციას, გეტყვის ბიბლიოთეკაში მიდი, ნახე ის წიგნი და იქ იპოვი, ან კიდევ მოდი ჩემთან, მესტუმრე, აგიხსნი. ისეთი გახსნილები და მეგობრულები არიან, მეთქი ესენი მასწავლებლებს არ გვანან. გაოცებული ვიყავი.

–რაც შეეხება კლასში მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს, როგორია?

–ყველაზე კარგად ვიყავი ალგებრის და ჩინურის კლასში. შეკრული ჯგუფი ვიყავით. როდესაც ერთად ვსხდებოდით ჯგუფურ მუშაობაზე, არ არსებობდა დღე, რომ არ დაინტერესებულიყვნენ საქართველოთი. აბა, სად არის, მოგვიყევი კიდევ შენს ქვეყანაზეო. ისეთი თბილები იყვნენ, მართლა სახლში მეგონა თავი.

–როგორია ამერიკული ოჯახი, რა ტრადიციები აქვთ?

–ჰელოუინია უდიდესი დღესასწაული იქ. ძალიან ბევრ ფულს ხარჯავენ მის აღსანიშნად. მორთულია ქუჩები. ჩონჩხებს დგამენ, რომ შეგეშინდეს.

ამერიკაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ფართები. არანაირი სასმელი, რა თქმა უნდა. ტკბილეული. ერთხელ მიმიწვია ჩემმა მეგობარმა, რომ გაიგეს საქართველოდან ვიყავი, დაინტერესდნენ სად იყო. ავუხსენი. ყოველ ჯერზე მიწევდა მცირე პრეზენტაციები. ფართიც დაავიწყდებოდათ და მე მისმენდნენ ხოლმე.

პირველ ოჯახში, სადაც ვიყავი, არანაირი ტრადიცია არ ჰქონიათ. ხშირად ვმოგზაურობდით.  ყველაზე შოკირებული დავრჩი ახალ წელს. 31 დეკემბერი ჩვენთან დიდი მოვლენაა. ყველა ემზადება. ერთად ხვდება. შორს რომ იყვნენ ოჯახის წევრები, ჩამოდიან და ა.შ. იქ კი ასე არაა. მეზობლებთან გადავიდნენ ფართიზე ახალი წლის აღსანიშნად. მეც ამიტომ ჩემი მეგობრები მოვიწვიე სახლში.

შობას, 25 დეკემბერს იმ მოხალისე მასწავლებლის ოჯახში მიმიწვიეს ოჰაიოში, ჩემთან ვინც იყო ახალქალაქში. დიდი ოჯახი აქვთ. მეც კიდევ ერთი დავემატე. დიდი ნაძვის ხე, საჩუქრებით გადავსებული. მეც ჩამრთეს სამზადისში. იქ მართლაც გრანდიოზულად შეხვდნენ შობას.

–როგორია შენი თვალით დანახული ამერიკა?

–ზეგანვითარებული! არაფერი ისე რთული არ არის. რასაც მოისურვებ, ყველაფერს გააკეთებ! მე სკოლის პერიოდი გამოვცადე და თავი სტუდენტი მეგონა. სულ კონფერენციები, სულ შეხვედრები, მოწვეული სტუმრები, პროექტები.

გასწავლიან პროექტის წერას, გეგმას, ფინანსები საიდან უნდა მოიძიო. იმხელა პრაქტიკულ ცოდნას აძლევენ მოსწავლეებს, სკოლას რომ დაამთავრებ, უკვე დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. იცი, როგორ იპოვო შენი თავი, სად იპოვო.

–როგორი იყო საქართველოში დაბრუნების პერიოდი?

–არ იყო ადვილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ დავამთავრე სკოლა და ისევ აქ არ უნდა გამეგრძელებინა სკოლაში სწავლა. ის საგნები, რაც იქ გავიარე, იმ პატივისცემამ სკოლის მხრიდან ბავშვის მიმართ, იმდენად იმოქმედა ჩემზე და იმდენად დამოუკიდებელი გავხდი, ვერ გადავიტანდი, აქ რომ ისევ სკოლაში მევლო.

ძალიან სახალისოდ მიდიოდა იქ სკოლაში დრო.  სკოლას რომ ამთავრებენ, გადადიან უკვე ცალკე. მე ამერიკაში სკოლაში ის გავიარე, რაც ახლა აქ უნივერსიტეტში ხდება.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური