GE

„გარემო აღიქვით თქვენთვის ნაცნობ საკლასო ოთახად და არა საგამოცდო ცენტრად“ – 2021 წლის აბიტურიენტი წლევანდელებს

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მოლოდინსა და ციებ-ცხელებაში მყოფი აბიტურიენტებისთვის თითოეულ გამამხნევებელ მოწოდებასა თუ რჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. EDU.ARIS.GE-მ გასული წლის აბიტურიენტს, ანუკა იაკობიშვილს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სთხოვა, დღევანდელი აბიტურიენტებისათვის მისთვის უკვე განცდილი გაეზიარებინა და გარკვეულწილად რჩევებიც მიეცა.

„მესმის მათი ნერვიულობა თუმცა, მინდა იცოდნენ, რომ ეროვნული გამოცდები არის საუკეთესო გამოცდილება იმისთვის, რათა ცხოვრების ახალ ეტაპზე მიღებულ გამოწვევებსა და გამოცდებს სათანადოდ გაუმკლავდნენ. ბანალურად ჩამითვლიან, თუმცა, ამ გადასახედიდან, ეროვნულ გამოცდებზე არ ვინერვიულებდი იმ დოზით, რამდენითაც რეალურად ვინერვიულე, რადგან სტუდენტობის დროს ბევრად რთულ გამოცდებთან და სიტუაციებთან შეჭიდება მომიწია“, – ამბობს დღეს უკვე მეორე კურსის სტუდენტი.

ანუკა აგრარულ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს. ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკა, ქართული და ინგლისური ენა ჩააბარა. გვიყვება, რომ გამოცდებზე გასვლამდე, როგორც ყველა აბიტურიენტი, ისიც ნერვიულობდა. ხშირად ისმენდა ინფორმაციას გამოცდების შესახებ, რათა სწორად შეეფასებინა მისი სირთულე და სათანადო მოლოდინები ჰქონოდა. ახლა კი ის საკუთარ გამოცდილებას დღევანდელ აბიტურიენტებს თითოეულ იმ საგანთან დაკავშირებით უზიარებს, რომლის ჩაბარებაც მოუწია:

„ყველას ვურჩევ, ქართულის გამოცდაზე არ იფიქრონ იმაზე , რომ რაღაც დაავიწყდებათ ან სათანადო მაგალითს ვერ მოიყვანთ თემასთან დაკავშირებით, იფიქრეთ თავისუფლად, შეუზღუდავად და დაწერეთ საკუთარი ხედვები.

რაც შეეხება ინგლისურ ენას, ყველაზე ფრთხილად მოსმენის დავალებასთან უნდა იყვნენ, რადგან წამით ყურადღების გაფანტვაც კი ძალიან საზიანო იქნება მათთვის. მთავარია, სრულად მობილიზდნენ და ყურადღებით უსმინონ.

„მათემატიკის გამოცდაზე გამსვლელებს კი ვურჩევ, ბევრჯერ გადაამოწმონ მიღებული შედეგი, რადგან მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და, შესაბამისად, მათი პასუხებიც მყარი და ზუსტი უნდა იყოს. ამისთვის ნამდვილად აქვთ საკმარისი დრო“.

სტუდენტი ამბობს, რომ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში ეუფლება შიშის, მოლოდინის განცდა, თავში უამრავი აზრი უტრიალებს, თუ როგორი ვარიანტი შეხვდება და რის დაწერას მოითხოვენ მისგან. ანუკას აზრით კი მთავარი ის არის, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ და ეცადონ, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ და გამოცდის წინა დღეს დაისვენონ.

„პირადად მე, გამოცდის წინა ღამე მეცადინეობაში არ გამითენებია, რადგან ვთვლი, რომ მთელი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გაწეული შრომა საკმარისია. ერთი ღამის გათენება კი ნამდვილად ვერ შეცვლის ცოდნის დონეს. წინა დღეს უნდა დაისვენონ, კარგად გამოიძინონ, რათა ახალი ენერგიებითა და შემართებით გაუმკლავდნენ გამოცდას“.

ანუკა იაკობიშვილის აზრით, აბიტურიენტი პირველ გამოცდაზე უფრო მეტად ნერვიულობს, რადგან მის ცხოვრებაში ეს ახალი გამოწვევაა, უცხო და უჩვეულო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ გამოცდებზე საერთოდ არ ინერვიულებენ.

„რა თქმა უნდა, ნერვიულობის ფაქტორი ყოველთვის ექნებათ. მთავარია, ემოციებს არ აყვნენ და უკვე შეჩვეულ გარემოში პროდუქტიულად იმუშაონ. ყველაზე დიდი დისკომფორტი არის იმ გარემოში ჯდომა, სადაც თითოეული აბიტურიენტი ნერვიულობას მკვეთრად გამოხატავს. მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი არის ის, რომ გარემო უნდა აღიქვან მათთვის ნაცნობ საკლასო ოთახად და არა საგამოცდო ცენტრად, რაც შიშის ფაქტორს შეუმსუბუქებთ“, – ამბობს სტუდენტი.

რატომ არის საგამოცდო ღელვა კარგი? – ფსიქოთერაპევტი აბიტურიენტებს დამშვიდების ტექნიკებს ასწავლის

ანუკას ვკითხეთ, აბიტურიენტებისთვის გაეზიარებინა ასევე რჩევები, დაწყებული ტანსაცმლით, რა ჩაიცვან და რა სჯობს, დამთავრებული იმით, რა უნდა წაიღონ გამოცდის დღეს თან, რაზეც გვიპასუხა:

„აბიტურიენტმა გამოცდის დღეს უნდა ჩაიცვას მაქსიმალურად კომფორტულად, რაც მას დისკომფორტს არ აგრძნობინებს და მაქსიმალურად ყურადღებით იქნება არა ტანსაცმლის, არამედ საგამოცდო ტესტის მიმართ და, რაც მთავარია, არ დაავიწყდეს საჭირო დოკუმენტები და წყალი, რომელიც აუცილებელია დამშვიდებისა და გონების გახსნისთვის“.

სამი გამამხნევებელი მოწოდება 2021 წლის ეროვნული გამოცდების აბიტურიენტისგან წლევანდელი აბიტურიენტებისთვის ასეთია:

ეროვნული გამოცდები საუკეთესო გამოცდილებაა!

შეუძლებელი არაფერია!

ეს არის საწინდარი თავგადასავლებისა და წარმატებული ცხოვრების!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური