GE

„გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამოსამუშავებლად“

„ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში, არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ – ამ სახელწოდების არის სპეციალური კვლევის ანგარიში, რომელიც „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით ჩაატარა.

30 ნოემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებათა და სისხლის სამართლის საქმის მასალები, რელევანტური სტატისტიკური მონაცემები, შესაბამის სპეციალისტებთან ჩატარებული ფოკუს – ჯგუფებისა და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეები, რის საფუძველზეც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციები გაიცა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა იმ რეკომენდაციების შინაარსით, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო. ასევე, შევეცადეთ გაგვერკვია, რა პრობლემები გამოიკვეთა სკოლებში კვლევის განხორციელების დროს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად, რომლებიც ფოკუს-ჯგუფების წევრები იყვნენ, მნიშვნელოვანი პრობლემები და საჭიროებები გამოიკვეთა.

დოკუმენტში ვკითხულობთ: „გამოკითხულ მასწავლებელთა დიდი ნაწილი არ იცნობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების მექანიზმს. უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე ტრენინგები არ ჩასტარებიათ. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები ამბობდნენ, რომ დირექტორის მოადგილეებს აქვთ ინფორმაცია ამ მექანიზმზე და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიმართავენ“.

კვლევის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთმა აქტორმა, სახალხო დამცველმა, არასრულწლოვნის სკოლის გაცდენების სააქმები შეისწავლა, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ჟურნალში მოსწავლეთა სათანადოდ აღრიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიკვეთა.

„სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები სკოლის მიერ არასრულწლოვნის გაცდენების სპეციალურ ჟურნალში სათანადოდ აღრიცხვის პრობლემაზე მიუთითებს. მაგალითად, 16 წლის არასრულწლოვნის შესაძლო ქორწინების იძულების ერთერთ საქმეზე, სადაც ქორწინების მიზეზით, ბავშვმა განათლების მიღება შეწყვიტა, სახალხო დამცველის აპარატის მიერ სკოლაში განხორციელებული ვიზიტისას დადგინდა, რომ ბავშვები არ იმყოფებოდნენ დაწესებულებაში, თუმცა პედაგოგებს ბავშვების გაკვეთილებზე გამოუცხადებლობა სათანადოდ არ ჰქონდათ აღრიცხული. ასევე, ერთმანეთს არ ემთხვეოდა ერთსა და იმავე სასწავლო დღეს სხვადასხვა საგანში გაკეთებული დასწრების ჩანაწერები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის გაიცა, 5 პუნქტისგან შედგება.

პირველი სამინისტროს ვალდებულებას მოიაზრებს, რომ მან უზრუნველყოს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) მომზადება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების (რეფერირების) შესახებ, რომელიც დამტკიცდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

მეორე რეკომენდაციაში კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ სისტემატურად უნდა გადამზადდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. მათ შორის, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან, ასევე რეფერირების პროცედურებთან და განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

მესამე რეკომენდაციაა, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრირდეს და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამოსამუშავებლად.

მეოთხე რეკომენდაციაში ანგარიშის ავტორები მიუთითებენ, რომ სამოქალაქო განათლების სწავლებისას, სათანადო დრო უნდა დაეთმოს ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა გენდერული უთანასწორობის საკითხებს.

მეხუთე რეკომენდაციით კი, სამინისტრომ გარკვეული პერიოდულობით უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება სკოლის მოსწავლეების მშობლებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო შედეგების, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სამართლებრივი რეგულაციების თაობაზე.

ასევე იხილეთ:

ნინო ელბაქიძე: „ეძებეთ თქვენი შვილისთვის ახალგაზრდა, გამოუცდელი მასწავლებელი“

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური