GE

„გაუგებარია, რატომ უნდა არსებობდეს წინაპირობა სკოლების გახსნისთვის, მაშინ, როცა სხვა სექტორები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ფუნქციონირებენ“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს ბავშთა ფონდის ორგანიზებით, 19 სექტემბერს, სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი იყო სასკოლო სივრცეში სწავლის განახლებასა და ვაქცინაციის საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორ ღასან ხალილი, რომელმაც სკოლების გახსნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოში 50 400 ბავშვს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

„ბავშთა დაცვის ფონდი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, ყველგან ხმამაღლა ამბობს, რომ სკოლა უნდა იყოს ბოლო დაწესებულება, რომელიც დაიხურება და პირველი, რომელიც გაიხსნება.

ამავდროულად, არაერთხელ გვითქვამს, და გაუგებარია, რატომ უნდა არსებობდეს წინაპირობა სკოლებისთვის რომ გაიხსნან, მაშინ, როცა სხვა სექტორები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ფუნქციონირებენ.

გარდა იმისა, რომ ონლაინ სწავლება ძალიან აფერხებს და უკან ხევს ბავშვების აკადემიურ მოსწრებას, ისინი ასევე, ძალიან ზარალდებიან სოციალური ინტერაქციის თვალსაზრისით, რაც შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებამდეც კი მივიდეს.

დახურული სკოლების პირობებში მშობლებსაც არ შეუძლიათ იმუშაონ სრულყოფილად.

საჭიროა დიფერენცირებული მიდგომის გამოყენება, თუ დადებითობის მაჩვენებელი არის სკოლების გახსნის წინაპირობა, რაც რასაკვირველია, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, და თუ არის რეგიონები და ადგილები, სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, იქ აუცილებლად უნდა გაიხსნას სკოლები. რატომ უნდა დაელოდონ ყველა ქალაქში 4%-ზე დაბალ მაჩვენებელს?

მითუმეტეს, როცა ვიცით, რომ საქართველოში 50 400 ბავშვს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ ონლაინ განათლება ინტერნეტის გარეშე?!“, – განაცხადა ხალილმა და იმედი გამოთქვა, რომ 4 ოქტომბერს სკოლებში ვიზიტით მისვლას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მაღალი მოლოდინი არსებობს იმისა, რომ 4 ოქტომბერს არამარტო პირველკლასელები, არამედ ყველა მოსწავლე სკოლას დაუბრუნდება.

ასევე იხილეთ:

შეუძლია თუ არა სკოლამ თავად მიიღოს გახსნის გადაწყვეტილება, თუ პედაგოგთა და მშობელთა 80%-ი აცრილია – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

როგორია პედაგოგების აცრის პროცენტული მაჩვენებელი საჯარო და კერძო სკოლებში? – ამირან გამყრელიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური