GE

გახდი იუნკერი – ეროვნულ თავდაცვის აკადემიში საბუთების მიღება იწყება

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის საბუთების მიღება იწყება. აპლიკანტებს დოკუმენტაციის წარდგენა 2019 წლის 16 აპრილიდან 14 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ.

აკადემიაში სწავლა უკვე გადაწყვეტილი აქვს ანა ბრელიძეს. იმისათვის, რომ დეტალური ინფორმაცია მიეღო ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო პროგრამების შესახებ, სასწავლებელში გამართულ ღია კარის დღეზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ სამხედროდ სამსახურში ყოფნა მისი ოცნებაა და დარწმუნებულია, რომ წელს აუსრულდება. 19 წლის გოგო აპირებს, ეროვნული გამოცდები ჩააბაროს და თავდაცვის აკადემიის სტუდენტი გახდეს.

,,მამაჩემი სამხედრო პირია და ძალიან მინდა მის გზას გავყვე. ჩემი ოცნებაა საქართველოს ვემსახურო და დავიცვა ჩემი ქვეყანა“,- ამბობს ანა ბრელიძე.

ანა ბრელიძის მსგავსად, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ღია კარის დღის ფორმატში გამართულ შეხვედრას ასობით აბიტურიენტი დაესწრო. მათ საბაკალავრო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილის, მარიამ დარბაიძის განცხადებით, აკადემიაში ფუნქციონირებს მენეჯმენტის, ინფორმატიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამები. როგორც დარბაიძემ თქვა, ამ ეტაპზე სწავლის საშუალება 155 სტუდენტს შეეძელება.

,,ამ ეტაპისთვის გვაქვს მენეჯმენტის, ინფორმატიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამები. სამომავლოდ გვექნება ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაც. ჩვენ ვართ ორიენტირებული ხარისხზე და არა სტუდენტთა რაოდენობაზე“,- განაცხადა მარიამ დარბაიძემ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველებმა ღია კარის დღეზე ისიც გაიგეს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – “ლეიტენანტი”. გარდა ამისა, იუნკერებს ასევე აქვთ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, მაგალითად: აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ჩეხეთში, პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში.

როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ განაცხადა, მზად არიან კონკურენცია გაუწიონ ყველა საგანმანათლებლო სივრცეს.

,,როცა ამ პროფესიას ირჩევს აბიტურიენტი კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული თუ რა რეჟიმში მოუწევს სწავლა. ჩვენს სასწავლებელში არის ყველა პირობა შექმნილი იმისა, რომ თითოეულმა სტუდენტმა თავი კომფორტულად იგრძნოს“, – განაცხადა მამია ბალახაძემ​.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ნანა ქორიძე უკვე მეოთხე წელია სწავლობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების ფაკულტეტზე. ამბობს, რომ მან ამ პერიოდის განმავლობაში ხარისხიანი და მაღალი დონის განათლება მიიღო. ქორიძე აკადემიაში სწავლით კმაყოფილია და აბიტურიენტებს ეთა-ში ჩაბარებას ურჩევს. იგი მიიჩნევს, რომ თუ ადამიანი მონდომებულია მას ყველაფერი გამოუვა.

,,მე ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ არჩევანი გააკეთონ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაზე, ჩააბარონ აქ და ისწავლონ გამარჯვება ჩვენთან ერთად“,- გვითხრა იუნკერმა ნანა ქორიძემ.

უნივერსიტეტის პრიორიტეტები:

– საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს ათწლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს ოთხწლიან სწავლებასა და ექვსწლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.

– აკადემიის თითოეული სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სტიპენდიით, პირადი ნოუთბუკით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ტანსაცმლითა და კვებით.

– ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის.

ეროვნული თავდაცვის აკადემია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური