GE

„გაზაფხულის სემესტრიდან KIU-ს სტუდენტებს ახალი სასწავლო კურსები, ახალი ლექტორები და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით“ – ნათია ზედგინიძე

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის პირველ სემესტრს პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ზედგინიძე აჯამებს. ნათია მრავალი წელია განათლების სფეროში წარმატებით მოღვაწეობს, თავისი მაღალკვალიფიციური ცოდნითა და სამუშაო გამოცდილებით KIU-ს გუნდს პირველივე დღიდან შეუერთდა და მენეჯმენტის სკოლას უძღვება. ის ჩვენთან საუბრისას დეტალურად განიხილავს იმ ძირითად ინდიკატორებს, რომლის მიხედვითაც თამამად შეგვიძლია პირველი სასწავლო სემესტრი წარმატებულად მივიჩნიოთ.

ამასთან, პროგრამის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტებს ახალი სასწავლო კურსები, ახალი ლექტორები და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ელით.

– როგორ შეაფასებდით პირველ სასწავლო სემესტრს და რა შედეგები აჩვენეს სტუდენტებმა?

– შემოდგომის სემესტრმა წარმატებით ჩაიარა და ამ წარმატების რამდენიმე ინდიკატორს გამოვყოფდი:

პირველი, მთავარი ინდიკატორი არის თავად სტუდენტების უკუკავშირი სასწავლო პროცესთან მიმართებით. ძალიან კარგი უკუკავშირი ჰქონდათ როგორც პროფესორებთან, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალთან, ისე ზოგადად, სწავლებასა და კამპუსში ცხოვრებასთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის სემესტრი დიდი გამოწვევა იყო მათთვის. ეს უკავშირდება ერთის მხრივ დისტანციურად სწავლებას და ამავდროულად, სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარე სასწავლო პროცესს. თავიდან, 2-3 კვირის განმავლობაში გაუჭირდათ სტუდენტებს სწავლა. ნამდვილად არ არის მარტივი სკოლის მერხის შემდგომ ამდენი უცხო საგანი პროფესიულ დონეზე ისწავლო ინგლისურად, სპეციფიკური ტერმინებითა და შინაარსით. მათ ეს გამოწვევა წარმატებით დაძლიეს და რაც მთავარია, თვითონ არიან კმაყოფილი საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით.

მეორე ინდიკატორი არის სტუდენტების აკადემიური მაჩვენებელი. აქ არაერთგვაროვანი სურათია. რა თქმა უნდა, არიან სტუდენტები, რომლებმაც გარკვეული საგნები ვერ დაძლიეს, არიან სტუდენტები, რომლებმაც ძალიან კარგად დაძლიეს. საერთო ჯამში, სტატისტიკურად ნორმალურად ნაწილდება სტუდენტთა აკადემიური შედეგები.

მესამე ინდიკატორად გამოვყოფდი პროფესორ-მასწავლებლების უკუკავშირს სტუდენტებთან მიმართებით. პირადად მე თითოეულ მათგანთან მქონდა ინდივიდუალური შეხვედრა. ამასთან, მუდმივად მაქვს საკოორდინაციო შეხვედრები როგორც აკადემიურ, ისე აკადემიური მხარდაჭერის პერსონალთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებები სასწავლო პროცესთან და სტუდენტებთან დაკავშირებით. სწორედ ისინი ხედავენ და გრძნობენ „სტუდენტთა მაჯის ცემას“. აქცენტს მაინც გერმანულენოვან პროფესორებზე გავაკეთებდი. შემოდგომის სემესტრში 5 გერმანელი პროფესორი, მოწვეული ლექტორი ასწავლიდათ გერმანული, ევროპული მიდგომებითა და პრინციპებით. თავად აღნიშნავდნენ ჩვენი სკოლის სტუდენტების მზაობას, მოტივაციასა და სიახლეების შეცნობის, შესწავლის მიმართ ინტერესს. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს დამატებითი საკონსულტაციო საათები, რომელიც სტუდენტებს უტარდებოდათ.

მეოთხე ინდიკატორია KIU-ს მენეჯმენტის პროგრამისადმი დიდი ინტერესი სხვა უნივერსიტეტების სტუდენტების, აბიტურიენტების მშობლების და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან.

ჩვენი პროგრამის და უნივერსიტეტის საუკეთესო ელჩები ხომ თავად სტუდენტები არიან, რომლებიც ყველაზე უკეთ გადმოსცემენ პროგრამის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, სწორედ სტუდენტების უკუკავშირებითა და მათი პოპულარიზაციით, ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი შემოუერთდეს KIU-ს მომავალში.

მეხუთე ინდიკატორსაც გამოვყოფდი, როგორც მენეჯმენტის სკოლის და პროგრამის ხელმძღვანელი როგორ შევაფასებდი ამ ყველაფერს. მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი სისტემა და პროცესი, რომელიც დასტარტვისას უხარვეზოდ მიმდინარეობს, უკვე პირველი წარმატების მანიშნებელია. მით უფრო, თუ ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს შესაბამისი პირების (სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, აკადემიური მხარდაჭერის პერსონალის, ხელმძღვანელობის და ა.შ.) უკუკავშირი და შეფასებები. თუმცა, ვინაიდან ჩვენ ასევე ვხელმძღვანელობთ საგანმანათლებლო ორგანიზაციების ხარისხის მართვის ISO 21001 და ხარისხის მართვის ISO 9001 პრინციპებით, უწყვეტი გაუმჯობესება ყველგან და ყველაფერში აუცილებელია. მომავალ სემესტრებში მეტად ინდივიდუალურ მიდგომებს გამოვიყენებთ სტუდენტების მიმართ.

– რა სიახლეებს უნდა ელოდნენ სტუდენტები გაზაფხულის სემესტრში?

– გაზაფხულის სემესტრთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ უფრო საინტერესო პერიოდი გველის წინ. გვემატება ახალი საგნები. სტუდენტები გაივლიან 2 ტექნიკურ სასწავლო კურსს – სტატისტიკა ბიზნესსა და ეკონომიკაში და კალკულუსი. კურსებს ქართველი და გერმანელი პროფესორები წარუძღვებიან. ასევე, ვაგრძელებთ ინგლისური ენის გაძლიერებულ სწავლებას, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭო წარმატებით და ხარისხიანად ახორციელებს. შემოდის პროფილური საგნები: მაკროეკონომიკა, პროექტების მართვა და ბიზნეს ეთიკა. გვეყოლება ახალი გერმანელი პროფესორი მარტინ ლეროში. თავისთავად ის გერმანელი პროფესორები, რუპერტ ბრენდმაიერი, მარტინ კუპიეკი, ანდრეას დიტშე, ბეტინა მარსინკოვსკი და შტეფან სირისი, რომლებიც შემოდგომის სემესტრში იყვნენ, ახლაც აგრძელებენ სტუდენტებთან ურთიერთობას.

ამასთან, თავისთავად ჩართულები არიან ქართველი პროფესორებიც – აკაკი ხელაძე და მურთაზ კვირკვაია. არ შემიძლია არ ავღნიშნო აკადემიური მხარდაჭერის პერსონალი – სწავლების ასისტენტები (Теаching Assistants) და პროფესორის ასისტენტები (Professor Assistants).

KIU-ში შეიქმნა ბიზნეს პროექტების საგრანტო დაფინანსების პროგრამაც. სტუდენტებმა პირველი სემესტრის შედეგად, გარკვეული ბიზნეს იდეები ჩამოაყალიბეს და ამჟამად ამზადებენ საპროექტო განაცხადებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. წარმატების შემთხვევაში ისინი დაფინანსდებიან. ბიზნესს პროექტების საგრანტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა გახლავთ 12 500 ლარი. ეს დამატებით მოტივაციას უჩენს სტუდენტებს, შეძლონ თავიანთი ბიზნეს იდეების რეალიზაცია და შემდგომ თუ სურვილი ექნებათ გარე საგრანტო დაფინანსებებიც მოიპოვონ. ამაში ჩვენც ვუწყობთ ხელს.

და ბოლოს, იმედი გვაქვს რომ მალე დავბრუნდებით კამპუსში და თუ სრულად პირისპირ არა, ნაწილობრივ, ჰიბრიდული მოდელით მაინც მოგვეცემა სასწავლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობა.

– ახსენეთ, რომ მეორე სემესტრიდან სტუდენტები ახალ პროფესორებს გაიცნობენ, იგეგმება თუ არა გერმანელი პროფესორების ჩამოყვანა და რა გეგმები აქვს ამ მხრივ უნივერსიტეტს?

– შემოდგომის სემესტრში ჩვენ რამდენიმეჯერ გადავდეთ გერმანელი პროფესორების ვიზიტები. პანდემიის გამო, ბუნებრივია ეს ვერ მოხერხდა. თუ ამის შესაძლებლობა იქნება ვგეგმავთ, რომ სხვადასხვა პროფესორი სხვადასხვა დროს ჩამოვიდეს, აქცენტს აპრილი – მაისის პერიოდზე ვაკეთებთ. მათი მხრიდან მზაობა რა თქმა უნდა არის, თავადაც ისე აქვთ დაგეგმილი განრიგი და სხვა სამსახურებრივი ვალდებულებები, რომ რამდენიმე კვირით შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა და უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან პირისპირ შეხვედრა. ასევე, გარდა სალექციო საათებისა გარკვეული მასტერკლასების ჩატარებასაც ვგეგმავთ, რომლებიც შესაძლოა ფართო საზოგადოებისთვისაც იყოს ღია.

აქვე დავამატებ, რომ ახლა მიმდინარეობს ადამ სმიტის საერთაშორისო სემინარი, რომელზეც ჩვენი ერთ-ერთი გერმანელი პროფესორი ანდრეას დიტჩე გამოდის KIU-ს სახელით და საინტერესო მოხსენებით. მოკლედ, მივიწევთ წინ და სიახლეებით და საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური