GE

გია მურღულიას კითხვები პრემიერს – დაფინანსების ზრდა კარგია, მაგრამ მთავარია, ფული და ჭკუა ერთმანეთს შეხვდნენ

მთავრობა პარლამენტს ახლო მომავლში წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სავალდებულო უნდა გახდეს განათლება სოლიდური თანხებით დაფინანსება და საბოლოოდ, ის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს გაუტოლდეს. კეთდება ზოგადი განცხადებები, თუ რას მოხმარდება ეს თანხა და განათლების რა მიმართულებები დაფინანსდება, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ფილოლოგიის დოქტორი, კერძო სკოლა „ლოგოსის“ სამეცნიერო ხელმძღვანელი გია მურღულია ამბობს, რომ  უამრავი კითხვაა თუ რაში უნდა ჩაიდოს და რას უნდა მოხმარდეს პრემიერის მიერ დაანონსებული სოლიდური ფინანსები.

„კარგი იდეა არ ნიშნავს კარგ რეზულტატს. თუკი ყველაფერი განხორციელდება ისე, როგორც დაგეგმილია, მაშინ ჩვენ უფრო სწრაფად, ვიდრე წარმოგვიდგენია, შეიძლება გავხდეთ  ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები. ეს სათქმელად ადვილია, შესასრულებლად არის ძალიან ძნელი. კითხვები ბუნებრივია არსებობს.  ძალიან კარგია, რომ ასე დრამატულად  გაიზრდება ეს დაფინანსება, ჩვენ მოხარულები ვართ, მაგრამ მნიშვნელობა იმას აქვს, ფული და ჭკუა ერთმანეთს შეხვდნენ და რაც უფრო სწრაფად შეხვდებიან ერთმანეთს, უკეთესია. მთავარია, დაიბადოს სამი მთავარი ამბავი, გაიზარდოს განათლების ხელმისაწვდომობა, ამაღლდეს განათლების ხარისხი და  ამაღლდეს ჩვენი კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობა. იმდენია, რომ ხანდახან მიჭირს ხოლმე პირველი რიგის პრობლემის გამოყოფა. მთავარი პრობლემა რა არის იცით? დიდი ფული იქნება გამოყოფილი როგორც გვეუბნებიან, ეს ფული სად, რა მიმართულებებით დაიხარჯება, ეს არის მნიშვნელოვანი და ვინ იქნება განმახორციელებელი იმ იდეების? ეშმაკს აი ამ კითხვებში სძინავს. ვიხსენებდი, რომ მოვესწარი განათლების 25 მინისტრს, აქედან 10-ს მაინც ჰქონდა დაანონსებული სარეფორმო ნაბიჯები. ჩვენ, ჯერჯერობით, ისიც კი არ გვაქვს გამოკვლეული და შეფასებული, მაგალითად ბოლო 25 წელიწადში რა ნაბიჯები გადაიდგა, ვინ რა შექმნა, ან ვინ რა დააშავა? არავითარი პასუხისმგებლობა არავის არ აქვს“, – თქვა გია მურღულიამ „პირველი არხის“ ეთერში.

რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს, ის ძირითადად სკოლის ავტონომიას, ფინანსებს და მასწავლებელთა ხელფასებს ეხება:

„რისკებს ვხედავ ამ იდეის განხორციელების დროს. მე მაქვს კითხვები, მაგალითად 6% იქნება  განათლების დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის ხომ? პირველი – გაიზრდება თუ არა ვაუჩერი. სკოლის მოსწავლეზე გამოყოფილი თანხა გაიზრდება თუ არა? მეორე – მიეცემა თუ არა სკოლებს შესაძლებლობა, რომ ინოვაციური პროექტები დააფინანსონ? ექნება თუ არა სკოლას ბიუჯეტში რაღაც აკადემიური, ან სოციალური მანევრის შესაძლებლობა და უფლება? მეღიმება ხოლმე ხანდახან, სამეურვეო საბჭოები არსებობს და იმათ უნდა დაამტკიცონ ბიუჯეტი. კი მაგრამ, რა უნდა დაამტკიცონ? მოგვცეს მაგალითად 1000 ლარი, აქედან – 800 მიდის პედაგოგთა ხელფასებზე, -200 კომუნალურ გადასახადებზე, რაა დასამტკიცებელი? ინოვაციური აზრი ანუ სკოლის განვითარება არ ფინანსდება და იმედი მაქვს, რომ ამ ახალ ვითარებაში, შეიძლება,  ასეთი იდეა გაჩნდეს.

შემდეგი კითხვა: გაიზრდება თუ არა ე.წ. სკოლის საბაზისო დაფინანსება? ადრე ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ თუ კარგი სკოლა გექნებათ, მეტი მოსწავლე მოვა თქვენთან, მეტი ფული გექნებათ და მეტი შესაძლებლობა რომ რაღაც გააკეთოთ. რეზინის არ არის ეს სკოლები. მე რომ იდეალური სკოლა შევქმნა იქ თუ ადგილი არის 1000 ბავშვისთვის, 5000-სს ვერ მივიღებ. შემდეგი კითხვა: დაფინანსდება თუ არა პროფესიული განვითარების მასშტაბური სისტემა საქართველოში? ეს ჩვენი აქილევსის ქუსლია. ასევე საინტერესოა გაიზრდება თუ არა მასწავლებლის ხელფასი და თუ გაიზრდება როდიდან და რამდენით? ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანი ხელფასის გაზრდას აღიარებს იმ შემთხვევაში, თუ მინიმუმ 20%-იანი ზრდაა, 15% რომ მოუმატოთ, ის არ შეიმჩნევს ამას.

ეს ფული რომ გამოიყო ვარ აღფრთოვანებული, მაგრამ მაინტერესებს ძალიან კონკრეტული პასუხები, მაგალითად სად ჩაიდება ფული, რომ სახელმწიფო დაინტერესდეს მის მიერ მიღებული დოკუმენტი „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, მიღწეულია თუ არა ჩვენს სკოლებში?“, – აცხადებს გია მურღულია.

ამავე თემაზე:

პრემიერმა განათლების რეფორმის თემაზე ღია პლატფორმის შექმნა დააანონსა – ვინ მიიღებს მონაწილეობას პროცესში

2022 წელს განათლების სექტორის დაფინანსება 3 მილიარდს გადააჭარბებს და ყველა შემდგომ მთავრობას ექნება ვალდებულება

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური