GE

გიგაურის საქმე – დასასრული თუ დასაწყისი?

თითქმის 400 დღე დასჭირდა მინისტრ ბატიაშვილს იმისათვის, რომ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის დის, ლალი გიგაურის გრიფირების პროცესში შესაძლო მონაწილეობა არ მონაწილეობაზე ინფორმაცია გამოექვეყნებინა.

შეგახსენებთ, რომ ლალი გიგაურის სახელი, სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების სკანდალს უკავშირდებოდა. კერძოდ კი გამომცემლობა “დიოგენეს” მიერ 2018 წელს გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარი იყო იმჟამინდელი განათლების მინისტრის მოადგილის დის მხრიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების  სახელმძღვანელოს სავარაუდო ლობირებაზე და გრიფირების კონკურსში შეტანილი სახელმძღვანელოს შექმნაში სავარაუდო მონაწილეობაზე.

სიტუაცია ამ კვირაში შეიცვალა.

EDU.ARIS.GE-ს მიერ განათლების სამინისტროში გაგზავნილ მორიგ კითხვებზე გიგაურის საქმესთან დაკავშირებით, შემდეგი პასუხი მივიღეთ:

„…შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე შეისწავლა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესში კონკრეტულ პირთა შესაძლო მონაწილეობის საკითხი, რაზეც შედგა შესწავლის შედეგების ამსახველი მოხსენებითი ბარათი… შესწავლის შედეგების თაობაზე ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას…“

ჩვენ ასევე განათლების სამინისტროს მიერ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, მამუკა ვასაძის სახელზე გაგზავნილი გრიფირების პროცესთან დაკავშირებული წერილების ასლები მივიღეთ.

პროკურატურაში გაგზავნილ ერთ–ერთ წერილში, რომელიც განათლების სამინისტროსგან 2019 წლის 24 აპრილს იყო გაგზავნილი, ვკითხულობთ:

„გაცნობებთ, რომ დასკვნაში დაფიქსირებული საკითხების გარდა [EDU.ARIS.GEამაზე დეტალურად წერდა, იხ. არაკომპეტენტურობა თუ კორუფცია], შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე შეისწავლა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების პროცესში (შემდეგ, თითქმის ერთი სტრიქონი ამოშლილია, განათლების სამინისტრო, როგორც წესი, ასე პერსონალურ მონაცემებს ფარავს, edu.aris.ge) შესაძლო მონაწილეობის საკითხი.

საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებების ურთიერთ შეჯერებით არ დადასტურდა, რომ (გვარსახელი ამოშლილია) იყო „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ საგნის V-VI კლასების სახელმძღვანელოების ავტორი, ახორციელებდა რეცენზირებას ან/და წვდომა ჰქონდა რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფის საქმიანობასთან/შეფასებებთან“

წერილის ბოლოს ვკითხულობთ, რომ ბატიაშვილის უწყება პროკურატურას ყველა საბუთს უგზავნის და მათ გადაწყვეტილებას დაელოდება – „გთხოვთ, გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათლების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ლალი გიგაურის გრიფირების პროცესში შესაძლო ჩართულობაზე პასუხი გასცა –ჩართულობა არ დადასტურდა!, და საბოლოო პასუხი პროკურატურას მიანდო.

ჩვენ EDU.ARIS.GE-ს საიტიდან, დღეიდან, ახლა  უკვე აზრს მოკლებულ ბანერს ამოვიღებთ – ზუსტად 396 დღეა გასული (2018 წლის 3 ივლისიდან – 2019 წლის 3 აგვისტომდე) იმის შემდეგ, რაც განათლების სამინისტრო საზოგადოებას გიგაურის საქმეში გარკვევას დაპირდა.

მისი დაპირებისამებრ, სურდა თუ არა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ამ საქმის მოკვლევა, ან რამდენად არის მისი უწყება მსგავს საქმეებში კომპეტენტური და სხვა ბევრ კითხვაზე პასუხებს ჩვენ ვერ გაგცემთ, ამაზე მკითხველს შეუძლია თავად იმსჯელოს.

საქართველოს პროკურატურა კი, გიგაურთან დაკავშირებით ან ბატიაშვილის უწყების დასკვნას დაადასტურებს ან ახალ საქმეებს წამოიწყებს.

ცხადია, ჩვენ პროცესს დავაკვირდებით.

ბატიაშვილი გიგაურის წინააღმდეგ – რა ანგარიშია? (ბლოგი)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური