GE

გოჩა თუთბერიძე: „ქუთაისის უნივერსიტეტი ნამდვილად წარმოადგენს სტუდენტზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას“

მიუხედავად რთული პანდემიური სიტუაციისა და არაპროგნოზირებადი რეალობისა, ქუთაისის უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წელი უამრავი გეგმით დაიწყო. ერთადერთი კერძო რეგიონული უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქუთაისის უნივერსისტეტი მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს და მუშაობს.

გოჩა თუთბერიძესთან ინტერვიუში დეტალურად გაეცნობით იმ პროგრამებს, რომელთაც ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს, შეიტყობთ სამეცნიერო საქმიანობისა თუ სტუდენტური ცხოვრების შესახებ, რომელიც აქ დაგხვდებათ და აგრეთვე, მათ მოკლე და გრძელვადიან გეგმებსაც, რაზეც რექტორი დაწვრილებთ საუბრობს.

– 2021-2022 სასწავლო წელი კვლავ პანდემიურ პირობებში დაიწყო. როგორია თქვენი სტარტი?

– გოჩა თუთბერიძე: დიახ, სასწავლო წლის დაწყება, მიმდინარე წელს, პანდემიის ახალი ტალღის დასაწყისს დაემთხვა, რომელიც განსაკუთრებით იმერეთის რეგიონს და კონკრეტულად ქუთაისს შეეხო. ამიტომ, ვერ გავბედეთ გადავსულიყავით სრულფასოვან სწავლებაზე აუდიტორიებში. თუმცა, პირველკურსელებისთვის დავუშვით გამონაკლისი და მათ პრაქტიკული ხასიათის სასწავლო კურსები აუდიტორიებში უტარდებათ. რა თქმა უნდა, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. გული გვწყდება, რომ ვერ ჩავატარეთ ტრადიციული welcome party. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, შესაბამის ღონისძიებებს აუცილებლად გავმართავთ.

ამასთან, ძალიან გვიხარია, რომ საგანმანათლებლო პროგრამები განვაახლეთ, მოვიყვანეთ ახალ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. ცვლილებებმა, ცხადია, ახალი სასწავლო კურსების შეთავაზება, არსებული სასწავლო კურსების თემატიკის და ლიტერატურის განახლება გამოიწვია. ახალი პერსონალის შერჩევა ახალი, ბევრად გამართული პროცედურების შესაბამისად განხორციელდა და ეს პროცესები მუდმივად მიმდინარეობს.

– რამდენად მრავალფეროვანი ფაკულტეტები და პროგრამებია, ქუთაისის უნივერსიტეტში, საფეხურების მიხედვით?

– ქუთაისის უნივერსიტეტში ორი ფაკულტეტი მოქმედებს: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის და მედიცინის ფაკულტეტები. სოციალურ მეცნირებათა ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტი ამჟამად ახორცილებს სამ საბაკალავრო პროგრამას (ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ეკონომიკა), ორ სამაგისტრო პროგრამას (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი, ფინანსები) და ერთ სადოქტორო პროგრამას (ეკონომიკა). სააკრედიტაციოდ მზადდება სამართლის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამები. მომავლში ფსიქოლოგიის და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების დამატებას ვფიქრობთ. უნივერსიტეტში წარმატებით ფუნქციონირებს მედიცინის ფაკულტეტი, სადაც დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ხორცილედება. იგეგმება სტომატოლოგიის ინგლისურ და ქართულენოვანი და დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამების შემუშავება და სააკრედიტაციოდ წარდგენა.

– UNIK დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო ავტორიზებული და აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მისი არსებობა უკვე 30 წელს ითვლის. რა გზა განვლო უნივერსიტეტმა დღემდე მოსასვლელად, განვითრების რა ეტაპები გაიარა?

– მართლაც, ქუთაისის უნივერსიტეტი გახლავთ პირველი კერძო ავტორიზებული უმაღლესის სასწავლო დაწესებულება არამარტო დასავლეთ საქართველოში, არამედ საქართველოში. მას სწავლების განხორციელების უფლება 1991 წლის 8 ოქტომბერს მიენიჭა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენს საამაყო უნივერსიტეტს დაარსებიდან 30 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის მანძილზე, უნივერსიტეტმა, 3 000-მდე კურსდამთავრებული გამოუშვა, რაც საქართველოს მასშტაბით, დამეთანხმებით, სულაც არ არის ცოტა. დაწესებულებამ ქვეყანასთან ერთად, გამოირა ყველა სირთულე. იყო აღმავლობის პერიოდი და სერიოზული გამოწვევებიც. უნივერსიტეტის პირველი რექტორი გახლდათ პროფესორი, ბატონი ვარლამ ქელბაქიანი. თავიდან ის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტად იწოდებოდა. შემდეგ, 1992 წელს ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტად გადაკეთდა, ხოლო 2009 წლიდან ქუთაისის უნივერსიტეტი ეწოდა. ქუთასისის უნივერსიტეტის კურსდამთვარებულები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის არიან მოსამართლეები, მსხვილი კომპანიების მენეჯერები, სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეები, მეცნიერებათა დოქტორები, მეცნიერ-მკვლევარები, პროფესორები.

– რა განმასხვავებელ ნიშანს გამოყოფდით, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტს, თქვენი აზრით, სხვა რეგიონული უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს?

– პირველი განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ ის, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო რეგიონული უნივერსიტეტია, რომელიც სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. უნივერსიტეტი სწავლების პარალელურად, დიდ ყურადღებას უთმობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კარგი ხარისხის განათლება, თავის თავში, კვლევით საქმიანობასაც გულისხმობს. შესაბამისად, ქუთაისის უნივერსიტეტი, კვლევითი საქმიანობისათვის, ყველანაირ პირობას ქმნის. ბიუჯეტში ყოველწლიურად გათვალისწინებულია სოლიდური თანხები კვლევითი გრანტების დასაფინანსებლად. ასეთი გრანტების გაცემის უპირობო მოთხოვნაა სტუდენტების ჩართულობა კვლევით პროექტებში. უნივერსიტეტში მკვლევარებისთვის ხელმისწავდომია მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზები (ScienceDirect, Scopus და ა.შ), ბიბლიოთეკა და სივრცეები, პარტნიორი უნივერსიტეტების რესურსები. ამჟამად, ქუთაისის უნივერსიტეტი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. 14 საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება გააჩნია, რომელთა ძირითადი ნაწილი აკადემიური პერსონალის, მკვლევარების და სტუდენტების გაცვლას ითვალისწინებდა.

– უნივერსიტეტის მისია, როგორც გაცხადებული აქვს, ადგილობრივ დონეზე აკადემიური საზოგადოების გაძლიერება, ახალი ცოდნის გენერირებისა და გაზიარების ხელშეწყობაა, როგორც უნივერსიტეტის რესურსების, ასევე, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ახერხებს იგი ამ მისიის შესრულებას?

– დიახ, ქუთაისის უნივერსიტეტის მისიაა უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებამდე, ქუთაისის უნივერსიტეტი, ეროვნული და რეგიონული შრომის ბაზრის მოთხოვნებს სწავლობს. დაწესებულების სტრატეგიული განვითარების სამსახური, შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე, შრომის ბაზრის თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას ატარებს, რომლის გათვალისწინებითაც მიიღება გადაწყვეტილება ახალი საგნამანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და სააკრედიტაციოდ მომზადების შესახებ. ცხადია, საგანამანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები დარგობრივ უნარებთან ერთად აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი პირების მომზადებას, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ აღმშენებლობაში, აკადემიური საზოგადოების გაძლიერებაში, ახალი ცოდნის გენერირებასა და გაზიარებაში. ბოლო პერიოდში, ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეა (75 % და ზემოთ), რაც იმის მაჩვენებლია, რომ უნივერსიტეტის საქმიანობა მის მისიასთან შესაბამისობაშია.

– რამდენად მრავალფეროვანია სტუდენტური ცხოვრება ქუთაისის უნივერსიტეტში?

– ქუთაისის უნივერსიტეტი, ნამდვილად წარმოადგენს სტუდენტზე ორიენტირებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას. საქართველო, როგორც ცნობილია, აღიარებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს (ESG), რაც გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლას, სწავლებას და შეფასებას. სტუდენტზე ორიენტირებული გარემო კი, პირველ რიგში, სტუდენტის აქტიურ როლს მოიაზრებს სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ითვალისწინებს სტუდენტების მრავალფეროვნებასა და საჭიროებებს, რეგულარულად აფასებს და ახდენს კორექტივებს საგანამანათლებლო მომსახურების მიწოდების ფორმებსა და პედაგოგიურ მეთოდებში, ხელს უწყობს სტუდენტებში ავტონომიურობის განცდის ფორმირებას. უნივერსიტეტში სრულფასოვნად ფუქნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც ჩართულია უნივერსიტეტის მართვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

– რამდენად ახერხებს უნივერსიტეტი პანდემიის პირობებში განაგრძოს ჩვეული მუშაობა არა მხოლოდ სწავლების მიმართულებით, არამედ კვლევითი საქმიანობის, კონფერენციების, დებატების, ტრენინგების, კონგრესებისა და სხვა მსგავსი აქტოვებების მხრივ?

– მიუხედავად პანდემიისა, უნივერსიტეტი მის ყველა ძირითად საქმიანობას განაგრძობს, რაშიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და სხვადასხვა პლატფორმებს ეყრდნობა. დისტანციურად მიმდინარეობს სასწავლო და საგამოცდო პროცესი. დისტანციურად ტარდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები, დებატები, ტრენინგები. მიმდინარე წელს დისტანციურად ჩატარდა, მაგალითად, სკოლის მოსწავლეებში ძალიან პოპულარული „რობოტიკის სკოლა“. ასევე, ონლაინ ჩატარდა ქუთაისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „COVID-19-ის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ეკონომიკაში, ბიზნესსა და მედიცინაში“, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერ-მკვლევარები იღებდნენ მონაწილეობას.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიღწევებზე?

– ბოლო პერიოდში, ამ ასპექტით მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი გაცვლით პროგრამებში, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს უნივერსიტეტის ჩართულობაც ერაზმუს+ პროგრამებში და ორმხრივი მემორანდუმები. გაცვლით პროგრამებში ჩართულობა გულისხმობს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობას პარტნიორი უნივერსიტეტების სასწავლო და კვლევით პროცესებში. აღსანიშნავია ქუთაისის უნივერსიტეტი მკვლევარების მიერ განხორცილებული კვლევა „საქართველოს ეკონომიკური განვითარება კოვიდ19-ის პირობებში (მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები), რომელიც მონოგრაფიის სახით დაიბეჭდა.

– როგორია თქვენი შედარებით გრძელვადიანი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აუდიტორიებში დაბრუნების საშუალება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში არ მოგვცა?

– იმ შემთხვევაში, თუ პანდემია კვლავ გაგრძელდა და ვერ მოვახერხეთ აუდიტორიებში დაბრუნება, ცხადია დისტანციურ სწავლებას გავაგრძელებთ და ვიმოქმედებთ „ქუთაისის უნივერსიტეტის“ COVID-19 პანდემიის პირობებში თანამშრომელთა მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის“ შესაბამისად. გავაგრძელებთ აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ტრენინგებს IT ტექნოლოგიების და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების მიმართულებით, ახსნა-განმარტებით სამუშაოებს სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან ვაქცინაციის პოპულარიზაციისათვის.

– რა სტრატეგია აქვს უნივერსიტეტს, როგორია მისი განვითარების გეგმა რამდენიმეწლიან პერსპექტვაში?

– შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა ხუთ ძირითად პრიორიტეტს მოიცავს: უნივერსიტეტის ბრენდის განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის პროგრამების განვითარება; სასწავლო პროცესის განვითარება და სტუდენტური სერვისების გაუმჯობესება; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და ინტერნაციონალიზაცია; უნივერსიტეტის რესურსების განვითარება და ეფექტიანი მართვა. აღნიშნული პრიორიტეტები ჩაშლილია ერთწლიან და სამწლიან სამოქმედო გეგმებში, სადაც ვადების, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების, პირების მითითებითა და შესაბამისი ბიუჯეტითაა გაწერილი თითეული პრიორიტეტის უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ქუთაისის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური