GE

გორის მუნიციპალიტეტში დისტანციურ რეჟიმში 40-მდე კლასი და 1 სკოლა სწავლობს

გორის მუნიციპალიტეტში, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების რეჟიმზე სურთ გადასვლა მატულობს. მშობლები, რომლებმაც აღნიშნულის მოთხოვნით, განცხადებით გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიმართეს, ფიქრობენ, რომ სკოლებში მათი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

,,მე არ მსურს ჩემმა შვილმა სკოლაში იაროს, რადგან მგონია, რომ ჯანმრთელობის კუთხით, იქ სათანადოდ არ არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული. მირჩევნია, ჩემმა შვილმა განათლება დისტანციურად მიიღოს“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი მზია ელიკაშვილი.

,,არ გავუშვებ ჩემს შვილს სკოლაში. მეშინია, რომ ვირუსს მოიტანს. სკოლებში კი ცდილობენ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მაგრამ ბავშვები მაინც არ ემორჩილებიან“, – გვითხრა გორის კიდევ ერთმა საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა.

ჩვენი რესპონდენტების მსგავსად, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადატანა კიდევ 35 კლასის მოსწავლეთა მშობლებმა მოითხოვეს. ეს მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილდათ და მათი შვილები დისტანციურად სწავლას შეძლებენ.

,,დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის სურვილის მქონე მშობელთა განცხადებების რაოდენობა გაიზარდა. უკვე 35 კლასი გვაქვს, რომლებიც დისტანციურად სწავლობენ“, – აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

ზემოაღნიშნული მონაცემების გარდა, სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ზეღდულეთის საჯარო სკოლა. მიზეზი საგანმანათლებლო დაწესებულებაში კორონავირუსის დადასტურება გახდა. ამასთან, კორონავირუსით მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინფიცირების გამო, ასევე დისტანციურად აგრძელებს სწავლას მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე კლასი.

,,ზეღდულეთის საჯარო სკოლა ერთადერთია, რომელიც სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, რომელიც ორი კვირა დარჩება ამ რეჟიმში. კორონავირუსის შემთხვევები ბევრი არ გვაქვს დაფიქსირებული, თუმცა გვაქვს რამდენიმე კლასი, სადაც სწავლება ამის გამო მიმდინარეობს დისტანციურად“, – ამბობს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

მშობელთა მოთხოვნისა და კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების მიზეზით, გორის მუნიციპალიტეტში, დისტანციურ რეჟიმზე ჯამში 40-მდე კლასი და ერთი სკოლაა გადასული.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური