GE

შიდა ქართლში სრულად დისტანციურ სწავლებას კიდევ ერთი სკოლა დაუბრუნდა

შიდა ქართლში, კორონავირუსის გავრცელების გამო, საკლასო ოთახებში სწავლა დროებით კიდევ ერთმა საჯარო სკოლამ შეაჩერა. ამჯერად, სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროს საჯარო სკოლა.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სკოლაში Covid-19 ერთ პედაგოგს გასულ კვირას დაუდასტურდა, რომელსაც შეხება ჰქონდა მოსწავლეებთან და კოლეგებთან.

,,სკოლა ერთ კვირაზე მეტია დაკეტილია. კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა და ამის გამო სწავლა შეაჩერეს. გვითხრეს, რომ ბავშვებს მარტიდან მიიღებენ“, – გვითხრა სოფელ მიქელწყაროში ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

კასპის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ სკოლა 15 თებერვალს დაკეტეს და 1-ლ მარტს გახსნიან. მიქელწყაროს სკოლის გარდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ონლაინ რეჟიმზე მუნიციპალიტეტის კიდევ 3 სკოლაა გადასული. 4 სკოლა კი შერეული მოდელით სწავლობს.

,,კორონავირუსის გავრცელების გამო, სწავლა სრულად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 4 სკოლაში, 4 სკოლა კი შერეული მოდელით სწავლობს. ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო პროცესი ყველა მათგანში მალე აღდგება“, – გვითხრეს კასპის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში.

კასპის მსგავსად, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები მატულობს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც. კორონავირუსით სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლაში ერთი პედაგოგი დაინფიცირდა, ხოლო, ქალაქის მე-9, მე-7 და მე-3 სკოლებში ინფექცია მოსწავლეებს შორის გამოვლინდა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელ, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ამ სკოლებში თითო-თითო მოსწავლეა ინფიცირებული. მისივე თქმით, მომხდარის გამო, დისტანციურ რეჟიმზე კონკრეტული კლასები გადავიდა.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური