GE

გორის საჯარო სკოლის მოსწავლე, გაკვეთილიდან დათხოვნის შემდეგ, თბილისის საპროტესტო აქციაზე აღმოჩნდა

„მოსწავლეს ვთხოვე საკლასო ოთახი დაეტოვებინა და მშობელი მოეყვანა“, – ამბობს გორის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგი, რომლის ქმედებასაც სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. ინგა ალავერდაშვილს EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ტელეფონით ესაუბრა და მეტი დეტალის გარკვევას შეეცადა. პედაგოგი ამბობს, რომ 13 წლის ბიჭს კლასის დატოვება გაკვეთილზე სიცელქისა და არაადეკვატურად ქცევის გამო სთხოვა, რაც შეეხება სკოლიდან გარიცხვის მუქარას, რასაც მოსწავლე ამტკიცებს, პედაგოგი უარყოფს.

,,მთელი ორმოცი წუთი არ მოისვენა და შეიძლება ითქვას, რომ გაკვეთილის სრულყოფილად ჩატარების საშუალება არ მომცა. მე ვთხოვე კლასი დაეტოვებინა და მშობელი მოეყვანა. ამის თქმის შემდეგ, სავარაუდოდ, სამ წუთში ზარიც დაირეკა და ბავშვი კლასიდან გავიდა. ეს შენიშვნა მან ვერ გაიგო სწორად, რადგან მე-8 -ე კლასელ ბიჭს შენიშვნები აქამდეც ჰქონდა მიღებული და ამის გამო ეგონა, რომ სკოლიდან გარიცხავდნენ, რაც არასწორია“, – ამბობს პედაგოგი.

საკითხთან დაკავშირებით მხარეებს მოუსმინა გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა. ნანა ტერმაკოზაშვილი შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროებს და აცხადებს, რომ საქმის შესწავლა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უკვე დაიწყო. ტერმაკოზაშვილი აქვე დასძენს, რომ მოსწავლის გაკვეთილიდან გაგდება  მასწავლებლის ცალსახა დანაშაულია.

„გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვარ. დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო სკოლაში და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. მშობელთან ერთად შევთანხმდით ფსიქოლოგის ჩართვაზე, რადგან მოსწავლეს აქვს ქცევითი დარღვევები“, – აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.

საკითხთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE  სკოლის დირექტორს ესაუბრა, რომელიც მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფება. ვახტანგ სუხიტაშვილი ამბობს, რომ საქმის დეტალებს იცნობს და ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. სუხიტაშვილი იმასაც განმარტავს, რომ მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე, მისი სკოლიდან გარიცხვა შეუძლებელია.

„ეს საქმე ვიცი. ფაქტს დისციპლინარული საბჭო სწავლობს, რის შემდეგაც დადგინდება, რა მოხდა სინამდვილეში. კანონის მიხედევით, მეცხრე კლასამდე ბავშვის გარიცხვის უფლება არ გვაქვს და ამას როგორ ვიზამდით?!“ – ამბობს მესამე სკოლის დირექტორი.

მესამე საჯარო სკოლის მე-8-ე კლასის მოსწავლეს პედაგოგმა კლასი 28 ნოემერს დაატოვებინა, რის გამოც ბიჭი ამბობს, რომ შეეშინდა, თბილისში გაიპარა და რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აღმოჩნდა. მოგვიანებით, ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი მონაწილემ გაავრცელა. როგორც ის წერს, გორელი მოსწავლე მასთან მივიდა, აქციაზე შეშის ღუმელთან გათბობა სცადა და მოგვიანებით, საკუთარი ისტორია მოუყვა.

,,მასწავლებელმა ლაპარაკის გამო გაკვეთილიდან გამომაგდო, სახლში შემეშინდა წასვლა და თბილისში გამოვიქეცი. დირექტორს გაფრთხილებული ვყავდი, რომ თუ კლასიდან ერთხელაც გამომაგდებდნენ, სკოლიდან გამიშვებდა. სახლში წავედი, ჩანთა ჩავალაგე და წამოვედი, მშობლები გამიბრაზდებოდნენო. პირდაპირ თბილისში წამოვედი, დიდუბეში მოვედიო, მერე მეტროში შევიპარე და გამოვყევი მატარებელს, “რუსთაველი” რომ გამოაცხადეს, მეცნო და ჩამოვედიო“, – ასე იხსენებს სკოლის მოსწავლის მონაყოლს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე სახლში მოგვიანებით დაბრუნდა. ბიჭი თბილისიდან მამამ წაიყვანა. რაც შეეხება საქმეს, როგორც ცნობილია დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება ორი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური