GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რომში “ერასმუსის” კვირეულში მონაწილეობს

მიმდინარე წლის 13-16 მაისს რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტში “ერასმუსის” კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. აღნიშნული უნივერსიტეტი “ერასმუსის” კვირეულს უკვე მესამე წელია, რაც მასპინძლობს. მასში მონაწილეობას იღებენ: იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, მოლდოვის, აზერბაიჯანის და ბელარუსის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აღნიშნულ კვირეულზე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელის, პროფესორ რუიზან მექვაბიძის სახით არის წარმოდგენილი.

14 მაისს პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა შეხვედრა გამართა რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მარია ამატა გარიტოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური კავშირის გაღრმავებაზე, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები, რომელიც მოიცავს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო აქტივობების განხორციელებას და ელექტრონული სწავლების მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას.

“ერასმუსის” კვირეული დაფინანსებულია რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ევროკომისიის მიერ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური