GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქართულ-თურქული საზაფხულო სკოლა გაიხსნა.  როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, პროექტი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში ჩართული ყველა სტუდენტი სხვადასხვა შემეცნებით-ტურისტულ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ლექციებზე შიდა ქართლში მდებარე ღირსშესანიშნაობების შესახებ აწვდიან ინფორმაციას და  მათ მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

„გორის უნივერსიტეტში პროფილური საზაფხულო სკოლა უკვე დიდი ხანია, რაც ხორციელდება. ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა, თუმცა ის პროექტი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე იყო გათვლილი. უკვე წელს, ჩვენ გვაქვს პირველი მცდელობა, რომელიც რეალობად ვაქციეთ და გორის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა გავხსენით სტუდენტებისთვის“, – ამბობს გორის უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის უფროსი ზურა ზურაბიშვილი.

გორის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტები თურქეთიდან ჩამოვიდნენ. 10 ახალგაზრდა რეჯეფ თაიფ ერდოღანის, არდაჰანისა და ყარსის უნივერსიტეტებიდან არიან.  რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მსგავსი პროექტები მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

„ძალიან მომწონს გორის უნივერსიტეტი. კარგი გარემოა და რაც მთავარია მაღალი დონის პროფესორები ჰყავს. მე თურქეთიდან ჩამოვედი და ამ სკოლაში მონაწილეობის მიღება ქართველ სტუდენტებთან ერთად  ჩემთვის დიდი პატივია“, – გვითხრა სტუდენტმა.

საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე საუბრობენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ მასურაშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი სახის პროექტი, როგორც მეზობელი ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებისთვის, ასევე ქვეყნების კულტურის გაცნობისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ყოველთვის მინდოდა საზაფხულო სკოლაში ვყოფილიყავი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენი სამომავლოდ განვითარებისთვის, ახალგაზრდების დაახლოებისთვის და ენის გაუმჯობესებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ საზაფხულო სკოლაში თურქეთიდან არიან წარმომადგენლები მათ ვაცნობთ საქართველოს ისტორიას და ვსაუბრობთ საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე“, – ამბობს მარიამ მასურაშვილი.

გორის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა მომავალ წელსაც გაიხსნება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 2019 წელს უფრო მეტ სტუდენტს ელოდებიან.

„ჩენ მომავალ წელსაც ვაპირებთ, რომ ანალოგიური საზაფხულო სკოლა გავაკეთოთ. მომავალ წელს მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება, რადგან უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთვება აღნიშნულ პროექტში“, – აცხადებს ზურა ზურაბიშვილი.

გორის უნივერსიტეტი პროექტში ჩართულ უცხოელ სტუდენტებს  ცხოვრების ხარჯებს აუნაზღაურებს. საზაფხულო სკოლაში მონაწილე ახალგაზრდებს ორგანიზატორები ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური