GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამას 7-წლიანი უპირობო აკრედიტაციას აქვს – აკრედიტებული პროგრამების უპირატესობები

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება; პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; სტუდენტთა მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა და სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები – ეს არის ის ხუთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ნაწილმა დააკმაყოფილა. ახლა უკვე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს 7-წლიანი უპირობო აკრედიტაციას აქვს. პროგრამის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სამართლის პროგრამა დაიხვეწა და გაძლიერდა სხვადასხვა პრაქტიკული კომპონენტები.

,,ამ შემთხვევაში, იყო რეაკრედიტაციის პროცესი. რა თქმა უნდა, პროგრამა დაიხვეწა. გავითვალისწინეთ რა იყო სტუდენტთა, დამსაქმებელთა და კურსდამთავრებულთა მოთხოვნები და ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნა. გარდა ამისა, დავამატეთ ახალი საგნებიც, რაც მოთხოვნილია დღესდღეობით ბაზარზე. როგორიცაა საპოლიციო სამართალი, სამშენებლო სამართალი, სააღმსრულებლო სამართალი. გაძლიერდა პრაქტიკული კომპონენტები. სწორედ, ამის გამო იქნა მოწონებული ექსპერტებისგან და აკრედიტაციის საბჭოსგან ჩვენი პროგრამა. მან 5 მოთხოვნილი კომპონენტი წარმატებით გაიარა. ეს პროგრამა ძალიან მოთხოვნადია და აბიტურიენტების დაინტერესება ყოველ წელს იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ სამართლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამას 13 სამართლის დოქტორი ემსახურება. მათ შორის ბევრი პრაქტიკოსი მოსამართლე და პროკურორია“, –  განაცხადა სამართლის პროგრამის ხელმძღვანელმა ზვიად როგავამ.

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის მნიშვნელობაზე გვესაუბრა პროგრამის კიდევ ერთი ხელმძღვანელი დავით ბოსტოღანაშვილი. მისი შეფასებით, გორის უნივერსიტეტში ყველა წინა პირობაა იმის, რომ სამართლის მიმართულების სტუდენტებმა მიიღონ კარგი და ხარისხიანი განათლება.

,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამამ წარმატებით გაიარა აკრედიტაცია, ამით ერთის მხრივ დადასტურდა, რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნილ სტანდარტს, რაც არის დღეისთვის ოფიციალურად დადგენილი. გაძლიერდა სხვადასხვა კომპონენტი და თანამედროვე მოთხოვნებთან მოვიდა შესაბამისობაში. ძალიან დიდი ყურადღება მიექცა პრაქტიკულ უნარებს, რადგან აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმება დღეს უკვე შესაძლებელია რამდენიმე პროფესიაში, მხედველობაში მაქვს ადვოკატის, პროკურორის, ნოტარიუსის და სხვა პროფესიები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქვე მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც კურსდამთავრებულებს სამომავლოდ დასაქმებაში შეუწყობს ხელს. ყველა წინა პირობა არის გირის უნივერსიტეტში იმის, რომ სამართლის მიმართულების სტუდენტებმა მიიღონ კარგი და ხარისხიანი განათლება“, –  გვითხრა დავით ბოსტოღანაშვილმა.

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გარდა აკრედიტაცია მიენიჭა გორის უნივერსიტეტის კიდევ 8 პროგრამას. გორის უნივერსიტეტს, მომდევნო 7 წლის განმავლობაში, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამების, ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ქართული ლიტერატურის და ქართული სალიტერატურო ენის სამაგისტრო პროგრამების განახორციელებს. აღნიშნული პროგრამისთვის აკრედიტაციის მიცემის გადაწყვეტილება, აკრედიტაციის საბჭოს გამართულ სხდომაზე გადაწყდა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ პროგრამები მიზნად ისახავს მოამზადოს სფეროსთვის შესაბამისი განათლების მქონე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი კადრები, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთან გამომუშავებული ექნება თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებისთვის აქტუალური უნარ-ჩვევები ბაკალავრისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. უნივერსიტეტში ისიც თქვეს, რომ აკრედიტაციის მინიჭების პროცესს წინ უძღოდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც უნივერსიტეტმა წარმატებით განახორციელა და შედეგიც სახეზეა.

,, ჩვენს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს წელს მოუწია რეაკრედიტაცია. ამ დროის მონაცემებით საბჭომ სულ 9 პროგრამას მიანიჭა აკრედიტაცია. უნივერსიტეტისთვის ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ეს არის გარე შეფასების მექანიზმი, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს და სავალდებულოა. განსაკუთრებით ეს ეხება რეგულირებად პროგრამებს, რადგან აუცილებელია ისინი აკრედიტებულები იყვნენ. ეს პროცესი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფოსაგან გრანტს მოიპოვებენ თუ პროგრამას არ აქვს აკრედიტაცია გავლილი, ისინი ამ გრანტს ვერ გამოიყენებენ. გარდა ამისა, ვერც ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელსაც სწავლის გადასახადს სახელმწიფი უხდის მაგალითად: როგორებიც  არიან სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები“, – განაცხადა გორის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა ციური დურულმა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს აკრედიტაციის გასავლელად სულ 20 პროგრამა აქვს წარდგენილი. პროცესი გრძელდება და კიდევ რამდენ პროგრამას მიენიჭება აკრედიტაცია თებერვალში გაირკვევა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური