GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი სტუმრობდა

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი სტუმრობდა. აღნიშნული ვიზიტი დაიგეგმა მისი წინა სტუმრობის ფარგლებში, როდესაც უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა მის მიერ დამუშავებული მონოგრაფია „დიცის წარწერები“ უსახსოვრა საპატიო სტუმარს. ელჩი დაინტერესდა სოფელ დიცში მდებარე თორმეტსაუკუნოვანი ღვთისმშობლის ტაძრის ისტორიითა და მასზე არსებული უძველესი წარწერებით და აღუთქვა უნივერსიტეტის რექტორს, რომ აუცილებლად ეწვეოდა გიორგი სოსიაშვილის ოჯახს, საზღვრისპირა სოფელ დიცში და პირადად მოინახულებდა უძველეს წარწერებსაც.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა გორის უნივერსიტეტის ედვარდ რაუპის სახელობის ამერიკული ბიბლიოთეკა, სადაც შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მხარის გუბერნატორი, კახა სამხარაძე, გორის რაიონის გამგებელი, დავით ონიაშვილი, უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ხორბალაძე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ალექსანდრე მღებრიშვილი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, იოსებ ალიმბარაშვილი, უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი, ზურაბ ჩხიკვაძე და ამავე კათედრის მასწავლებლები.

შეხვედრის შემდეგ დელეგაციამ გადაინაცვლა სოფელ დიცში, სადაც უძველეს წარწერებთან – ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე, გიორგი სოსიაშვილმა მცირე ლექცია წაიკითხა და ელჩს გააცნო აღნიშნული სოფლის, ტაძრისა და წარწერების მნიშვნელობა, როგორც ზოგადად საქართველოს ისტორიისთვის, ისე კონკრეტულად ქართულ-რუსული კონფლიქტის კონტექსტში. აღინიშნა, რომ რეგიონში ეს წარწერები ერთ-ერთი უძველესია და მეცხრე საუკუნის 80-იანი წლებით თარიღდება, თუმცა მის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში ცნობები არ ყოფილა 2016 წლამდე, ვიდრე მას გიორგი სოსიაშვილი აღმოაჩენდა ტაძარზე მოგვიანებით გაკათებული ნალესის ქვეშ.

ტაძრის ტერიტორიიდან იან კელი დაპირებისამებრ ესტუმრა გიორგი სოსიაშვილის ოჯახს, სადაც ეროვნული კერძებით გაწყობილ ქართულ სუფრაზე რამდენიმე სადღეგრძელო ქართული წესით შეისვა. მასპინძლების მხრიდან აღინიშნა, რომ ელჩის ვიზიტს საზღვრისპირა სოფელში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს ფაქტი დიდი მოტივაციაა უკეთესი მომავლისკენ სავალ გზაზე, ელჩმა კი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ ეცდება უფრო ინტენსიურად ეწვიოს შიდა ქართლის რეგიონს და საზღვრისპირა სოფლებს.

ვიზიტის დასასრულს ელჩი, გორის რაიონის გამგებელთან, უნივერსიტეტის რექტორთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელთან და უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან ერთად ეწვია სოფელ ერგნეთში მდებარე ოკუპაციის მუზეუმს, სადაც მუზეუმის დამფუძნებელმა ლია ჩლაჩიძემ მუზეუმში არსებული ექსპონატები და ფოტო-მასალა გააცნო სტუმრებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური