GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის, გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

2019 წლის 18 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში გაიმართა ცნობილი გორელი პოეტის, გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ 18 თებერვალი გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეა.

საღამოს ესწრებოდნენ პოეტის ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს გიორგი მახარობლიძის ცხოვრებისეული ეპიზოდები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ დოკუმენტური ფილმი, რომელიც პოეტის სიცოცხლეში მოამზადა გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა. საღამოზე წარმოდგენილი იყო ვიდეოკოლაჟი – საქართველოს სხვადასხვა კუთხის პოეტებმა გაიხსენეს უდროოდ წასული კოლეგა. გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა – ნანიკო სადღობელაშვილმა და ალექსანდრე სამხარაძემ წაიკითხეს ლექსები გიორგი მახარობლიძის შემოქმდებიდან. საღამომ თბილსა და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეს მიენიჭა გიორგი მახარობლიძის სახელი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური