GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 16 სექტემბერს იწყება – რა სიახლეებით ხვდება უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს რიგი სიახლეები დახვდებათ. გთავაზობთ უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუს.

– 2019 -2020 სასწავლო წელს რა სიახლეები დახვდებათ სტუდენტებს/აბიტურიენტებს?

– გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმა სწორედ სტუდენტების მხარდაჭერის სერვისებზეა მორგებული. თითოეული სამსახური, ფაკულტეტების თანამშრომლები  ზრუნავენ არამარტო ხარისხიან განათლებაზე, არამედ სტუდენტებისათვის დამატებით მომსახურებაზე.

ჩვენ ცალკე შევქმენით სტუდენტური მხარდაჭერის ცენტრი, რომლის მიზანია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული სტუდენტის აკადემიურ, თუ შემოქმედებით განვითარებაზე, მიაწოდოს მათ  ინფორმაცია სხვადასხვა სიახლეებზე. დაეხმაროს სტუდენტური პროექტების განხორციელებაში.

ვგეგმავთ დავაფინანსოთ სტუდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები, რომლებიც მათ დამატებით მოტივაციას შეუქმნის. ეს იქნება, სამეცნიერო და შემოქმედებითი პროექტები, რაც სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს.

სტუდენტთა დახმარების მიზნით შეიქმნა ტუტორების სისტემა. მინდა, რომ თითოეული სტუდენტის პოტენციალი იქნას გამოყენებული ჩვენი რეგიონისთვის და ამ მხრივ ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

– 2019 -2020 სასწავლო წელს რა სიახლეები იგეგმება აკადემიური პერსონალისთვის?

– რიგი სიახლეები იქნება აკადემიური პერსონალისთვისაც. ვფიქრობ, რომ გავაძლიეროთ კათედრები, ხელი შევუწყოთ სამეცნიერო მუშაობის გაფართოვებას, გავზარდოთ კვლევითი პროექტების დაფინანსება, საერთაშორისო პროექტებში ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა. პროფესორებს მივცემთ საშუალებას მიიღონ უცხოური გამოცდილება. ევროპის ბევრ სასწავლებელთან ვართ დამეგობრებული და ვგეგმავთ მათთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში ხელი შევუწყოთ აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამების განხორციელებას. გავაგრძელებთ შიდა საუნივერსიტეტო გრანტების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროფესორ-მასწავლებლების მოტივაციას.

– რა სიახლეები გაქვთ საერთაშორისო პროგრამების მიმართულებით?

– ,,ამ მიმართულებითაც ბევრი სიახლე გვაქვს. 2019-2020 სასწავლო წლისათვის გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წარმატებული ნაბიჯები გადადგა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის ჭრილში. გორის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც ითვალისწინებს  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, უცხოელ პარტნიორებთან ერთად სამეცნიერო/აკადემიური ღონისძიებების ჩატარებას და ერთობლივ სასწავლო პროგრამების განხორციელებას. Erasmus +-ის მობილობის პროგრამის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს შემდეგ უნივერსიტეტებთან: კაზიმირ დიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი (პოლონეთი), კარამანმარას სუტკუ იმამის უნივერსიტეტი  (თურქეთი), სლუბსკის პომერანიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ოპოლეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), რომის ტელემატიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იტალია), ტრავნას წმ. კირილის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი), ბიდგოშჩის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), გოიასის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბრაზილია),სამსუნის 19 მაისის უნივერსიტეტი (თურქეთი)“, ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ვარნას უნივერსიტეტი (ბულგარეთი), სტამბულის მალთეფეს უნივერსიტეტი (თურქეთი).

Erasmus +-ის ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს პროექტში “უნივერსიტეტების როლი რეგიონალური განვითარების პროცესში”. ვგეგმავთ   ჩვენს პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ტურიზმის ფორუმის ჩატარება ქ. გორში.

– მოწვეული ლექტორები თუ გეყოლებათ უნივერსიტეტში?

– ,,გორის უნივერსიტეტის სლოგანია: „ცოდნა ცხოვრებისთვის“, ეს ნიშნავს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ რეგიონზე, ჩვენ ვამზადებთ სპეციალისტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საერთაშორისო შრომითი ბაზრის მოთხოვნებს. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული მაღალი დონიის სპეციალისტები  ქმნიან სწორედ ამის გარანტიას.

– ბოლო მონაცემებით, თქვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტია დასაქმებული?

– სისტემატიურად ვატარებთ კვლევას შრომითი ბაზრის შესწავლის მიზნით, ვქმნით მონაცემთა ბაზას. მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს დამსაქმებლებთან. ამ  ადამიანების ჩართულობით მომზადდა ის პროგრამები, რომლებიც აკრედიტაციისთვის წარვადგინეთ ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ყოველ წელს გამოსაშვებ საღამოზე თითოეული კურსდამთავრებულის მონაცემები გადაეცემათ მოწვეულ დამსაქმებლებს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო, სექტორის წარმომადგენლებს, რაც აისახება დასაქმების მაჩვენებელზე. ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევა გვიჩვენებს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავებულებთა  50% დასაქმებულია.  მომზადებულ კადრზე ყოველთვის არის მოთხოვნა. თანდათან იზრდება დამსაქმებლების მხრიდან სხვადასხვა პროგრამაში ჩართულობა.

გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ სახელმწიფო რწმუნებულს შიდა ქართლის მხარეში ბატონ გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც თითოეული სტუდენტის ბედით არის დაინტერესებული და არაერთი ახალგაზრდული პროექტის მხარდამჭერია. ხელს გვიწყობს სტუდენტების დასაქმების მიზნით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში.

– როგორია უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები?

– 2020 წელს გვიწევს ავტორიზაცია და, შესაბამისად, ავტორიზაციის სამზადისი უკვე დაწყებულია. გორის უნივერსიტეტის ხუთივე კორპუსი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალური-ტექნიკური საშუალებებით, გამართულია ინფრასტრუქტურა, ადაპტირებულია გარემო. არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ავტორიზაციის სტანდარტების გათვალისწინებით ხდება სისტემატურად მატერიალური და ტექნიკური ბაზის გადახალისება, ინფრასტრუქტურის განვითარება.

დასრულდა საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ  სტუდენტებს.

ვიწყებთ უნივერსიტეტის მუზეუმის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი კურსდამთავრებულები: სპორტსმენები, ბიზნესმენები…

ვგეგმავთ სამკითხველო სივრცეების მოწყობას. ახალგაზრდული ცენტრის შექმნას და სხვ.

– ამ ეტაპზე თუ გადის თქვენი რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციას და რა უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა/სტუდენტებმა ამ პროცესისა და პროგრამის შესახებ?

– ,,ჩვენ გვიწევს ყველა პროგრამის აკრედიტაცია. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები და ვიმედოვნებთ, რომ ყველა პროგრამა წარმატებით გაივლის აკრედიტაციას, უნივერსიტეტის თითოეულმა თანამშრომელმა დიდი ძალისხმევა გაწია პროგრამების აკრედიტაციის სამზადისში და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შედეგზე აისახება. ჩვენ სტუდენტებს სწორედ მაღალ დონეზე მომზადებულ ევროპული სტანდარტების მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ვთავაზობთ. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისათვის, წელს 60 ადამიანი დაფინანსდა სხვადასხვა სპეციალობებზე, რაც კიდევ უფრო წაადგება გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პრიორიტეტული პროგრამის განვითარებას.

– რას ეტყვით მომავალ სტუდენტებს?  

– შედეგი მიიღწევა მხოლოდ დაუღალავი შრომით და სწავლით. გორის უნივერსიტეტში არის არაჩვეულებრივი გარემო, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე აკადემიური თვალსაზრისით. აქ ასწავლიან აღიარებული პროფესორები. მათ შეუძლიათ სტუდენტებს მისცენ თანამედროვე ევროპული ტიპის, განათლება. მე ყველა სტუდენტს ვურჩევ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. გამოიყენოს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ის ურთიერთობები, რაც ევროპის წამყვან სასწავლებლებთან გვაკავშირებს. ყველა სტუდენტს ეძლევა თანაბარი საშუალება, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, ეს დასაქმების კიდევ უფრო მეტ შანს აძლევს ჩვენს სტუდენტებს.

– როგორია თქვენი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

– გვინდა, რომ გორის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაფართოვოთ, რაც გაზრდის ჩვენს საერთაშორისო ცნობადობას და რეიტინგს. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან, ეს შესაძლებლობები არაერთმა სტუდენტმა უკვე გამოიყენა.

ვგეგმავთ ასევე უნივერსიტეტში ახალი პროგრამების შექმნას როგორიცაა: 300-კრედიტიანი, ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, უცხო ენების პროგრამები.

ჩვენი მიზანია, რომ გორის უნივერსიტეტი გადაიქცეს უცხოელი სტუდენტებისთვის მიმზიდველ სასწავლებლად. გვაქვს უცხოენოვანი პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიებში და ამ მხრივ, კიდევ ვგეგმავთ სხვა პროგრამების შექმნას, ერთობლივ მოკლევადიან პროგრამებს რომის საერთაშორისო ტელემატიკის უნივერსიტეტთან,  რაც გორში უცხოელი სტუდენტების მოზიდვის საწინდარი გახდება.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური