GE

გორის სკოლების ნაწილში მშობელთა კრებები ძველი სტილით ეწყობა

სკოლებში მშობელთა კრების ჩატრება, შეიძლება ითქვას, რომ წლების ტრადიციაა. პედაგოგი მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების მშობლებს იწვევს და ბავშვების დისციპლინარულ ქცევას და სწავლების საკითხებს აცნობს. როგორც ჩანს, ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ პირადი ინფორმაციის გაცემას, სხვა პირების თანდასწრებით, კანონი უკრძალავს. ის, რომ ბევრი პედაგოგი ამ დრომდე კანონს არღვევს, ამაზე თავად მშობლები საუბრობენ.

,,ეს არის ჩემთვის მიუღებელი, როგორც ყველა მშობლისთვის.  როდესაც არის რაიმე სახის პრობლემა, მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლესთან მოაგვაროს და არა საჯაროდ გამოიტანოს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა და მოსწავლემ ვერ შეძლეს პრობლემის მოგვარება, შემდეგ უნდა ჩაერთოს მშობელი და მასთან უნდა მოხდეს საკითხის ინდივიდუალური შესწავლა“ – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი სოფო ნარიაშვილი.

უფლებადამცველი ალექსანდრე მერებაშვილი ამბობს, რომ პედაგოგის მიერ კონკრეტულ მოსწავლეზე პერსონალური ინფორმაციის გაცემა სხვა მშობლების თანდასწრებით, უფლებების უხეში დარღვევაა და ადმინისტრაციულ დანაშაულად ითვლება, რაც კანონით ისჯება.

,,პერსონალური მონაცემები ექვემდებარება დაცვას, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მონაცემების გამჟღავნება მშობელთა კრებებზე დაუშვებელია“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა.

მშობელთა კრებების უარყოფით შედეგზე საუბრობს ფსიქოლოგი მარიამ გოჩიაშვილიც.

,,სასკოლო ცხოვრება მოითხოვს, რომ მასწავლებელმა ჩაატაროს საკლასო კრებები, სადაც მოწვეულები არიან მშობლები. მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბავშვთან შედეგზე გასვლა მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობით მიიღწევა.  კრებაზე შეიძლება განხილული იყოს სხვადასხვა საკითხები, თუმცა, ბავშვის პირადი ინფორმაცია სხვა პირების თანდასწრებით არ უნდა გახდეს განხილვის საგანი. ძალიან მინდა, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს და გორის სკოლების ნაწილში მშობელთა კრებები ძველი სტილით აღარ მოეწყოს“, – განაცხადა მარიამ გოჩიაშვილმა.

სკოლებში ამბობენ, რომ კრებები კანონის სრული დაცვით იმართება და მშობლები მათი შვილების შესახებ ინფორმაციას ინდივიდუალურად იღებენ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამბობენ, რომ ამ კუთხით დარღვევები წინა წლებში იყო.

,,სკოლებში მოსწავლის პირადი ინფორმაციის გატანა საჯაროდ და განსაკუთრებით კრებებზე არ ხდება.  მშობელთან ურთიერთობა დამრიგებლის ვალდებულებაა და შესაბამისად ის მშობლებთან ინდივიდუალურად აწარმოებს მოლაპარაკებებს“, – ამბობს მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯაფარიძე.

გორის მუნიციპალიტეტში, სკოლების დიდი ნაწილი კანონს არ ემორჩილება და კრებები წინა წლების მსგავს ფორმატში მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩვეულ პრაქტიკას გააგრძელებენ, მათი მხილება როგორც მშობლებს, ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ. პირველ ჯერზე გაფრთხილება, ხოლო მეორე ჯერზე ფინანსური სანქცია ვრცელდება, რომელიც ჯარიმას, 500-დან 2000-ლარამდე ითვალისწინებს.

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური