GE

გორის უნივერსიტეტის პროექტები სტუდენტების, პროფესორ–მასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომელთა შორის არის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფონდის მიერ მხარდაჭეროთ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან, რომლის ფარგლებშიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უნივერსიტეტის 4 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის არის ლიტერატურული კაფე, რომელიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვა. ლიტერატურული კაფე  უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესორ – მასწავლებლებსა და გორის რეგიონის ლიტერატურის, პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს მოემსახურება.

„პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან უკვე სამი წელია ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ფონდიდან ოთხი პროექტი დაფინანსდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაარსდა ლიტერატურული კაფე და ის ემსახურება უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ – მასწავლებლებსა და რეგიონის ლიტერატურის, პოეზიისა და ხელოვნების მოყვარულებს“, – აცხადებს გორის უნივერსიტეტის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ზურაბაშვილი.

გარდა ლიტერატურული კაფისა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით უნივერსიტეტში დაწესდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიის გაცემას ითვალისწინებს. ასევე შეიქმნა მასწავლებეთა კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების ცენტრი, რომლის მიზანიც მასწავლებლებისთვის მოკლევადიანი კურსების გავლაა. კურსის დასრულების შემდეგ ცენტრი გასცემს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს. სასწავლო კურსების მომზადებას და განხორციელებას ამ კურსებისათვის სპეციალურად მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი უზრუნველყოფს.

„რეგიონის პედაგოგთა გადამზადების ცენტრის საქმიანობის ფარგლებში,  150 სკოლის ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია ჩამოვიდეს გორის უნივერსიტეტში და დაუკავშირდეს მისთვის სასურველ პროფესორს, მიიღოს სასურველი ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით, მოახდინოს საკუთარი უნარ–ჩვევების გაღმავება  და აიმაღლოს კვალიფიკაცია. პროექტის ფარგლებში პედაგოგებს ასევე შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ სხვადასხვა კონფერენციებს, რომელიც გორის უნივერსიტეტში ხშირად ტარდება.

„გორის უნივერსიტეტში არსებული ცენტრები, ვფიქრობ, რომ საკუთარ მოვალებას პირნათლად ასრულებენ. უნივერსიტეტში მათი ეგიდით ეწყობა სხვადასხვა შეხვედრები, როგორც სტუდენტთა, ასევე პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენციები“, – აცხადებს გორის უნივერსიტეტის რექტორი.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები.

„პროექტები, რომლებიც  გორის უნივერსიტეტში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაა დაფინანსებული ხელს უწყობს სტუდენტების მოტივაციის გაზრდას. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიას, რომელსაც მე ვიღებ და ვისურვებდი, რომ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდეს“, – ამბობს განათლების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი რატი მარიამიძე.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კვლავაც გეგმავს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდთან თანამშრომლობას. უნივერსიტეტი მედიაცენტრისა და უნივერსიტეტის გამომცემლობის შექმნაზე მუშაობს და თანამშრომლობა სწორედ ამ მიმართულებით სჭირდება. ასევე, დღის წესრიგშია იაკობ გოგებაშვილის სახელობის სტიპენდიის გაგრძელების საკითხიც.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის უმთავრესი მიზანი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობაა. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პრიორიტეტებია: დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ინტეგრაციული პროცესების განმტკიცება, საქართველოს კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია, რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობა, ბავშვთა და ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცება, სახელმწიფო მმართველობის სისტემაში ქვეყნის უშიშროების დაცვის გაძლიერება, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური