GE

გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

მიმდინარე წლის 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიორგი სოსიაშვილის წიგნის ,,არბო, პარიზი, ლიმა…“ პრეზენტაცია.

ნაშრომში დოკუმენტურ და ნარატიულ წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილია პატარა ლიახვის ხეობაში თავისი სიძველეებით გამორჩეული სოფლის – არბოს წარსული, მისი მდებარეობა, ეთნიკური სახე და პოლიტიკური ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები და საეკლესიო სიწმინდეები. აღნიშნულ სოფელში მცხოვრები დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრის – გიორგი ჟურული ოჯახის თავგადასავალი. ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ჟურულებთან ჩასიძებული, არბოში მცხოვრები ქართველი გენერლის ილია მაქარაშვილის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას და მოღვაწეობას.

,,წიგნი ინფორმაციულია და მისი სახით სამეცნიერო ბრუნვაში შემოდის არაერთი ისტორიული დოკუმენტი და ფოტომასალა. შესაწავლილია ჟურულების და მაქარაშვილების გენეალოგია. წიგნი გარდა გენეალოგიურო და პოლიტიკური მიმოხილვის და შეაიცავს მნიშვნელოვან სიახლეებს სამხედრო საქმის, ქართული თეატრის, ცხინვალისა და ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების შესახებ“ – აღნიშნა წიგნის ერთ-ერთმა რედაქტორმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთნოლოგიის დოქტორმა, მირიან ხოსიტაშვილმა.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: წიგნის რედაქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე;

ნაშრომის რეცენზენტები: სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პაატა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი.

ნაშრომის კულტურულ აქცენტებზე და ავტორის შემოქმედებითი წერის სტილზე დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა საქართველოს კულტურის მინისტრის მრჩეველი და პუბლიცისტი, იოსებ ჭუმბურიძე.

წიგნის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს: ცნობილმა ეთნოლოგმა ელდარ ნადირაძემ, ანდრია პირველოწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა, სერგო ვარდოსანიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კახა კვაშილავამ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და სახელოვანი წინაპრების შთამომავალმა, ლელა მაქარაშვილმა.

პრეზენტაციის დასასრულს წიგნის ავტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა, დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და მათ წიგნები საჩუქრად გადასცა.

საღამოს უძღვებოდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი იოსებ ალიმბარაშვილი.

წიგნი გამოსცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური