GE

გორის უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული სქემის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა

მიმდინარე წლის 5 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ვირტუალურ სივრცეში, ონლაინ პლატფორმა zoom-ის გამოყენებით სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის განვითარებაზე ორიენტირებული სქემის შესახებ გააკეთა პრეზენტაცია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სქემა მიმდინარე წლის 18 იანვარს სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 6-01 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა, რომლის მიზანია გორის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოტივაციის ამაღლება, მათი კვლევებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა, ახალი პროექტების/ინიციატივების წახალისება, სასწავლო-სამეცნიერო პროცესისა და განათლების სისტემის გაუმჯობესება.

ზემოთაღნიშნული ონლაინ შეხვედრის ორგანიზების ინიციატივა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავდა, აღნიშნული ინოვაციური სქემის დანერგვის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას.

ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ქალბატონო ნუნუ მიცკევიჩი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო წერეთელი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი მინდია ოკუჯავა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ზაზა მარუაშვილი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი, ქალბატონი მაია შუხოშვილი და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები წარმოდგენილი სქემის ინოვაციურობაზე, მნიშვნელობასა და მისი შემდგომი დახვეწის შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური