GE

გორის უნივერსიტეტში  ქართულ – პოლონური საზაფხულო სკოლა საზეიმოდ დაიხურა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ქართულ – პოლონური საზაფხულო სკოლა საზეიმოდ დაიხურა.  ღონისძიება გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სოსიაშვილმა პროექტში მონაწილეობისთვის ვარშავისა და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის განცხადებით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მასშტაბები კიდევ უფრო გაფართოვდება. ღონისძიებას მუსიკალურად უნივერსიტეტის ბენდი აფორმებდა.

“წლევანდელი საზაფხულო სკოლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეეწყოს კიდევ უფრო მეტად ახალგაზრდების დაახლოებას. მათი პროექტში ჩართულობა გზას უხსნის სხვადასხვა პროექტებს და მე როგორც უნივერსიტეტის რექტორი, მზად ვარ ხელი შევუწყო მათ წამოწყებებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ვარშავაში კარგი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ქართულ – პოლონური საზაფხულო სკოლის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ვარშავიდან ჩამოსული სტუდენტები. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გორის უნივერსიტეტს იდეისთვის მადლობა გადაუხადეს.

“საზაფხულო სკოლის იდეა ძალია კარგია. მე კარგი დრო გავატარე თქვენს ქვეყანაში ყოფნის დროს. შევიძინე ახალი მეგობრები და გავეცანი თქვენს კულტურას, დავაგემოვნე ქართული ტრადიციული კერძები და მოვინახულე ღირსშესანიშნაობები“, – ამბობს ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტი იგორი.

გორის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროექტში ვარშავის 5 სტუდენტთან ერთად ჩართულები იყვნენ თავად გორის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.  ახალგაზრდები ამბობენ, რომ სტუმრებს პროექტის ფარგლებში გააცნეს ქართული კულტურა და დაათვალიერებინეს შიდა ქართლში მდებარე ღირსშესანიშნაობები.

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რადგან მოხდა ჩვენი ერთმანეთთან დაახლოება და საინტერესო აქტივობებიც გვქონდა“, – გვითხრა სტუდნტმა ნათია ფარეხელაშვილმა.

“არაჩვეულებრივი სტუდენტები გვყავდა.  ისინი გაეცნენ საქართველოს კულტურას, ისტორიას და  ტრადიციებს.  მათ შეიძინეს ძალიან ბევრი სიახლე.  ვფიქრობ, რომ ასეთ პროექტს ბევრი უნივერსიტეტი ვერ ახორციელებს და მართლაც მისასალმებელია, რომ ამას გორის უნივერსიტეტი აკეთებს“, – აცხადებს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მაია აზმაიფარაშვილი.

გარდა ქართულ – პოლონური საზაფხულო სკოლისა, გორის უნივერსიტეტმა იგივე პროექტის ფარგლებში უმასპინძლა თურქეთის სამი უნივერსიტეტის 10 სტუდენტს. ორივე შემთხვევაში პროგრამა დატვირთული იყო სამეცნიერო ლექციებით, პრაქტიკული სემინარებით, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით. მათ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოინახულეს შიდა ქართლში მდებარე ისტორიული ძეგლები და სხვა ღირსშესანიშნაობები.  საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და პროექტის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და მადლობის სიგელები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური