GE

გორში სტუდენტები სამინისტროსგან მგზავრობის საფასურზე შეღავათების დაწესებას ითხოვენ

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტები, განათლების სამინისტროს მგზავრობის ღირებულების მიმართულებით გარკვეული საშეღავათო პაკეტის შექმნას სთხოვენ.  ბიზნესის ადმინისტრირების მეოთხე კურსის სტუდენტი სოფო ქისიშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში ყოველ დღე სოფლიდან დადის და მგზავრობის საფასურის გადახდა უჭირს.

„სოფლიდან სასწავლებელში ყოველდღე დავდივარ, ერთ დღეში მხოლოდ მგზავრობაში სამი ლარი მეხარჯება და ხომ წარმოგიდგენიათ ეს თანხა წლის ბოლოს რამდენია; ამას ემატება საკვების და საჭირო მასალების ქსეროქსისთვის გაღებული თანხებიც. მოკლედ, სტუდენტის შენახვა ძალიან რთულია ამ პირობებში, როდესაც ყველაფერი ძვირია“, – ამბობს სოფო.

„ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს, რომ ოჯახებს მგზავრობისთვის, საკვებისთვის და კიდევ ქსეროქსისთვის ფული ვთხოვოთ.  სტუდენტის შენახვა რთულია, რადგან ხარჯები ძალიან დიდია.  ვფიქრობ, რომ ამ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო უნდა ცდილობდეს და მინდა რომ ქვეყანაში სწავლა იაფი იყოს“, – ამბობს სტუდენტი.

განათლების სამინისტროს დახმარებას სთხოვენ სტუდენტების მშობლებიც. მათი თქმით, ყოველდღიურად მგზავრობის ხარჯების გაღება უჭირთ და ამის გამო მათი შვილები სასწავლებლებს ხშირად აცდენენ.

„მე სოფელ მერეთში ვცხოვრობ და აქედან მგზავრობის ღირებულება 1 ლარი და 50 თეთრი ღირს. გვიჭირს ამ თანხის ყოვედღიურად მოძიება. მოგეხსენებათ, როგორი გაჭირვებაა და შემოსავალი თითქმის არაფერი გვაქვს. სამინისტროს ვთხოვ, რომ დაგვეხმაროს და გვიშუამდგომლონ, რათა მგზავრობის საფასური განახევრდეს  სტუდენტებზე“, – აცხადებს სტუდენტის მშობელი.

„ძალიან გვიჭის, სოფელში თითქმის უმეტესობა სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება და ხომ ხვდებით რა მდგომარეობაა?! გვინდა, რომ სტუდენტებზე მგზავრობის საფასური გაუქმდეს ან განახევრდეს“, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

შესაძლებელია თუ არა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტებისთვის  მგზავრობის საფასურის განახევრება, ამ საკითხის გარკვევა ჩვენ იმ კომპანიების ხელმძღვანელებთან ვცადეთ, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას უზრუნველყოფენ. ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორი გვეუბნება, რომ საკითხის მოგვარება შესაძლებელი იქნება თუ ამაში შესაბამისი უწყებები ჩაერთვებიან.

„ამ საკითხზე მუშაობის დაწყება შესაძლებელია და კონსენსუსის მიღწევაც არ გაჭირდება.  ჩემთვის სრულად მისაღებია სტუდენტების პროტესტი“, – ამბობს სატრანსპორტო საშუალებების ხელმძღვანელი.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სტუდენტები იმედოვნებენ, რომ მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით მათი თხოვნა გათვალისწინებული იქნება.

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური