GE

გრანტის გადანაწილების წესის შეცვლა გადაიდო

სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილება მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. საზოგადოებიდან წამოსულმა უკმაყოფილებამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას საკუთარ ინიციატივაზე – ოთხწლიანი გრანტის გაუქმებასთან დაკავშირებით, დროებით უარი ათქმევინა.

თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში მინისტრი აცხადებს, ცვლილებები მაინც იქნება, ოღონდ არა წელს, როგორც ამას წლის დასაწყისში გეგმავდა.

„ჯერ მაგაზე ახალი არაფერია. იქნება აუცილებლად, მაგრამ ჯერ-ჯერობით არა. ალბათ, მომავალი წლისათვის შევეცდებით, რომ რაღაცები მოვასწროთ. იმიტომ გადავავადეთ, რომ საქმის გაფუჭება არ გვინდა. მედიას ამდენს იმიტომ ველაპარაკები, რომ რაღაცას არასწორად თუ ვაკეთებ და საზოგადოებისაგან წინააღდეგობა თუ მოდის, ჯობია დროზე გავიგო.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან დიდი უკმაყოფილება წამოვიდა. თანაც დასაბუთებული. უბრალოდ უკმაყოფილებას შეჩვეული ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში დასაბუთებული იყო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ჯობია უფრო სიღრმისეულად დავამუშაოთ სანამ განვახორციელებთ,“ – განგვიცხადა ჯეჯელავამ.

ჩვენს კითხვაზე, თუ  ვისგან მოდიოდა უკმაყოფილება, გვიპასუხა, რომ სტუდენტებისაგან, უნივერსიტეტებისაგან, მშობლებისაგან, არასამთავრობო  ორგანიზაციებისაგან და .. მისივე თქმით, უკმაყოფილებები რექტორთა საბჭოზეც გამოითქვა.

„ვიღაცები მხარს უჭერდნენ, ვიღაცები წინააღმდეგები იყვნენ. ჩვენი მიზანია ვცადოთ და ისეთი სქემა შევიმუშავოთ რომ ერთხელ და სამუდამოდ კარგად მოგვარდეს. ყოველ წელს ხომ არ ვცვლით დაფინანსების სისტემას. სახელმძღვანელოებშიც ამიტომ დავგვიანდით – მინდა ერთხელ რომ გავაკეთებთ, მეორედ  გასაკეთებელი აღარ გაგვიხდეს,“ – დასძნა მინისტრმა.

მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენისას განაცხადა, გრანტის მოსაპოვებლად მთავარი ეროვნულ გამოცდებში ნაჩვენები შედეგი აღარ იქნებოდა და  აბიტურიენტებს მისთვის  ბრძოლა ყოველ წელს თავიდან მოუწევდათ. ცვლილებების ამოქმედებას იგი 2017 წლიდანვე გეგმავდა.

ამავე თემაზე:

გრანტის განაწილების ახალი წესის ბნელი მხარეები

„რატომ გვაცლის ლუკმას პირიდან ბატონი ჯეჯელავა?“ – რეპეტიტორები, აბიტურიენტები და მშობლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გაზარდოს იმ სტუდენტების რიცხვი, ვინც ნიშნის მომატებას მოითხოვს“

აბიტურიენტი ეროვნული გამოცდით 4 – წლიან გრანტს ვეღარ მოიპოვებს – ინტერვიუ მინისტრთან

„გაუგებარია როგორ იმოძრავებს ფული, როცა მობილობით სტუდენტი ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გადავა“

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური