GE

გრიფირებაში მონაწილე დაწყებითი და VII კლასის სახელმძღანელოების საბოლოო და შეწონილი ქულები გამოქვეყნდა

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ივნისის თვეში დასრულდა და გრიფირებული წიგნების შესახებ ინფორმაციაც სულ ცოტა ხნის გამოქვეყნდა.

ამჯერად, განათლების სამინისტრომ, გრიფირებაში მონაწილე ზოგიერთი ავტორ-გამომცემლობის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, გრიფირებაში მონაწილე სახელმძღანელოების საბოლოო და შეწონილი ქულები გამოაქვეყნა.

იხილეთ გრიფირებაში მონაწილე სახელმძღანელოების საბოლოო და შეწონილი ქულები

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მინისტრის 2018 წლის ბრძანების საფუძველზე მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა.

სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე (და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე), ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი VII კლასისთვის (ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები), ამდენად, აქცენტები გაკეთდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი, სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით და სახალხო დამცველის აპარატი.

გრიფირების პროცესში 14 საგანზე 75 განაცხადი გაკეთდა:

  • პირველი ეტაპი გადალახა 73-მა განაცხადმა; ხარვეზი ორ განაცხადს დაუდგინდა, რაც არ იქნა გამოსწორებული დადგენილ ვადაში და, შესაბამისად, გრიფირების შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა.
  • რეცენზირების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ანონიმურობის დარღვევის გამო, შემდეგ ეტაპზე კიდევ ორი განაცხადი ვერ გადავიდა,
  • ხოლო შინაარსობრივი და/ან ტექნიკური ხარვეზების განუხორციელებლობისა და კომისიისათვის მიუმართაობის გამო, გრიფირების პროცესს დამატებით კიდევ ექვსი განაცხადი გამოეთიშა.

ჯამში, გრიფი 34 სახელმძღვანელოს მიენიჭა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოები სასწავლო წლის დაწყებამდე დაიბეჭდება და ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური