GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

სტუდენტთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობისა და იმთავითვე მათი პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირების მიზნით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა წლების განმავლობაში თანამშრომლობს შესაბამისი პროფილის სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, ნოტარიუსთა პალატასთან და სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად გეგმავს აღნიშნულ სტრუქტურებში სტუდენტთა სასწავლო- პრაქტიკულ ვიზიტებსა თუ შეხვედრებს.

25 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების შეხვედრა სამართლის სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან.

შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის მიერ გამოცხადებული სტაჟირებისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ. ისაუბრეს, აგრეთვე, შემდგომში დასაქმების მიზნით იმ აუცილებელი მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც მომავალი ნოტარიუსი უნდა აკმაყოფილებდეს.

სტუდენტები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი პრაქტიკული საქმიანობა ნოტარიუსს დაუკავშირონ, დაინტერესდნენ სამუშაო რეჟიმითა და პირობებით, რომლებიც რეგიონებში სავალდებულო მსახურებისას არის განსაზღვრული.

საქართველოს ნოტარიუსთა ეროვნული პალატის წარმომადგენლებმა სტუდენტების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური