GE

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

2018 წლის 28 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მედიკო-ბიოლოგიური გამოწვევები და მიღწევები“.

მონაწილეობის მსურველებმა თემის თეზისები (მეცნიერ-ხელმძღვანელის მითითებით მომზადებული) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: maia.arabuli@gmail.com

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2018 წელი.

  • მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები;
  • გათვალისწინებულია სხვადასხვა დასაჯილდოებელი ნომინაცია.
  • თითოეული მოხსენების ხანგრძლივობა – 10 წუთი (ფორმატი თავისუფალი: ვერბალური, word, ppt, pdf).

კონფერენციის ინსპირაცია:

მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ თანამედროვე ინფორმაციის ფლობა აუცილებელია მომავალი პრაქტიკოსი ექიმებისა და მომიჯნავე სპეციალობის მქონე სტუდენტებისათვის, რადგან თანამედროვე მედიცინის განვითარება, მისი კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების შემუშავება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის, გენური ინჟინერიის, ბიოტექნოლოგიისა და ბიოლოგიის სხვა დარგებში არსებულ აღმოჩენებსა და უახლეს მიღწევებზე.

სტუდენტების მიერ ამ საკითხების სიღრმისეული კვლევა და სიახლეების გაცნობა მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებელი წინაპირობაა.

კონფერენციის მიზანი:

პროექტის მიზანია მედიკო-ბიოლოგიურ სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე სტუდენტების ცოდნის გაღრმავება და ამ სფეროში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და აკადემიური საქმიანობის გამოცდილების შეძენის ხელშეწყობა.

შესაბამისად, კონფერენციაში სტუდენტების ჩართულობა ხელს შეუწყობს განხილული საკითხის უკეთ გააზრებასა და მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. კონფერენციაზე წარმოჩენილი იქნება თანამედროვე მედიცინისა და ბიოლოგიის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თეორიული საფუძვლები, პრობლემები და მიღწეული წარმატებები. განხილული იქნება სამედიცინო პრაქტიკაში მათი გამოყენებით მიღწეული შედეგები და პერსპექტივები, ასევე, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები.

საკონტაქტო პირი: ირაკლი თედორაძე – i.tedoradze@gruni.edu.ge

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური