GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქვემო ქართლში სასწავლო-პრაქტიკული ტური ჩატარდა

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი თავისი განვითარების კვალდაკვალ სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

9 აპრილს ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული ტური ქვემო ქართლში, რომელიც მიეძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნის 30 წლისთავს. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ბიზნესის და მართვის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ერეკლე უგრელიძემ.

ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ, თეთრიწყაროს რაიონი მდიდარია ისტორიულ-კულტურული ღისშესანიშნაობებით. აქ 500-მდე ისტორიული და ბუნების უნიკალური ძეგლია.

სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტები ეწვივნენ გერმანელი მოახალშენეების მიერ 1818 წელს დაარსებულ სოფელ ელიზაბეტთალს, რომელიც ამჟამად რეაბილიტირებულია გერმანულ არქიტექტურულ-სტილისტურ თავისებურებათა სრული დაცვით. დაათვალიერეს სოფელი ასურეთი – „სოფელი მუზეუმი“, რომელიც სამომავლოდ შეიძლება რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ ცენტრად იქცეს. მოინახულეს ასურეთის გერმანული სასაფლაო, რომელიც 2001 წელს აღადგინეს ჰამბურგ-საარლანდის გიმნაზიის მოსწავლეებმა, აგრეთვე, ფარცხისისა და ბირთვისის ციხეები, შეუდარებელი ბირთვისის კანიონი.

მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი