GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატების ისტორია – გზა საფრანგეთის უნივერსიტეტამდე

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ქრისტინე კირაკოსიანი ამჟამად ნანტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. განათლებაში მიღწეულ ყველა წარმატებას კი მის უნივერსიტეტს უკავშირებს და ამბობს, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში შეძენილი უნარ-ჩვევებით მარტივად შეძლო საზღვარგარეთ სწავლისთვის ფეხის აწყობა.

როგორია ქრისტინეს წარმატების ისტორია და რა წვლილი მიუძღვის ამაში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტს თავად სტუდენტი გიამბობთ.

“საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლა ერთგვარი თავგადასავალი და ამავდროულად გამოწვევა იყო ჩემთვის. ყოველ წელს ჩვენს სკოლას ჰქონდა სხვადასხვა პროექტი, სამწუხაროდ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგალითისთვის კი ჩემს ბოლო პროექტს “გახადე შენი ქალაქი უკეთესი” გავიხსენებ. რომლის გამარჯვებულიც ვიყავი, და რამაც საინტერესო გამოცდილებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევები შემძინა. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო ჩვენი სკოლის მიერ ორგანიზებული, კულტურულ-სამეცნიერო ვიზიტები, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად 2014 წელს ვიზიტი გერმანიაში, 2015 წელს საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, რამაც უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ეს იყო დიდი მოტივაცია ჩვენთვის, თითოეული სტუდენტისთვის, ალბათ, დამეთანხმებით, რომ როდესაც შრომა ფასდება კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და შემართებით მიიღწვი მიზნისკენ.

ბოლოს, ჩემი სტუდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად გაცვლით პროგრამას გავიხსენებ საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში, სადაც კვლავ ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსებით წავედი. ეს ერთგვარი “გზამკვლევი” აღმოჩნდა ჩემი შემდგომი წარმატების. ახლა ვარ მაგისტრანტი საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში, “საერთაშორისო და ევროპული პროექტების ინჟინერიის ფაკულტეტზე”. მალე სტაჟირებას ვიწყებ ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც ევროპულ პროექტებს ხელმძღვანელობს რეგიონალურ დონეზე.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს უნივერსიტეტს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. ის ყველა სტუდენტს თანაბრად აძლევს წარმატების შანსს, დანარჩენი კი ყოველ ჩვენგანზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებს მას. ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია, და უნდა შევქმნათ ის ისეთი, როგორიც ჩვენ გსურს!”, – გვიყვება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტი ქრისტინე კირაკოსიანი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური