GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტს აშშ-ის საუკეთესო სამხედრო აკადემიაში სწავლა 388 000 დოლარით დაუფინანსდა

საქართველოდან აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy – USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი მათ შორის ერთ-ერთი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის სკოლის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი სანდრო სტაჟაძე შეირჩა.

საქართველოს შსს-ს პოლიციის აკადემიის მიერ წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ის პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation – ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სანდრო სტაჟაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში 4 წელი ისწავლის და სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, სახელმძღვანელოებით და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად ამერიკული მხარე აანაზღაურებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური