GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლაზარსკის უნივერსიტეტს ეწვივნენ

გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუხიანიძე და ამავე სკოლის დოქტორანტი, ასისტენტი დავით სირაძე 7-დან 13 მაისის ჩათვლით გაცვლითი პროგრამით პოლონეთში, ვარშავაში იმყოფებოდნენ. მათ ლაზარსკის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის მიმართულების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექცია: ადამიანის უფლებები (გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, ბავშვის უფლებები საქართველოში), საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სამოქალაქო საზოგადოება და მკვლელობა, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული სისხლის სამართალში.

13 მაისს კი ქართველმა მეცნიერებმა ლექციების კურსი სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის ჩაატარეს. ამასთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლაზარსკის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების ორგანიზების თაობაზე.

შეხვედრისას ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლის დეკანმა მარტინ დალმა, სურვილი გამოთქვა 2019 წლის მაისის თვეში ესტუმროს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს და მის ხელმძღვანელობასთან სიღრმისეულად განიხილოს მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

მხარეთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი – ქეთევან კუხიანიძე ამერიკათმცოდნეობის კურსის ფარგლებში სამართლის დოქტორის, პროფესორ ანდრეი ბრიკის ლექციას დაესწრო, სადაც განხილულ იქნა საკითხები – „საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირის ურთიერთობები: მიღწევები და გამოწვევები საქართველოსთვის“.

უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ულოცავს ქეთევან კუხიანიძესა და დავით სირაძეს ლაზარსკის უნივერსიტეტში წარმატებულ ვიზიტს და უსურვებს პროფესიულ წინსვლას.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი