GE
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს უმასპინძლა

5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს უმასპინძლა.

მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების საზეიმო მიღება ატრიუმში გაიმართა, აქვე გამოიფინა ბავშვების ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო საჩუქრები, რომლებმაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა, სამართლის დოქტორმა ანა ფირცხალაშვილმა თბილად მიიღეს მოსწავლეები და ახალგაზრდა თაობის განვითარების მიზნით ამგვარი ღონისძიებების მნიშვნელოვნებისა და საჭიროების შესახებ ისაუბრეს.

მამუკა თავხელიძემ ფინანსური მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფონდ „ღია საზოგადოებას“ და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტმა ჯერ კიდევ წლების წინ შექმნა პრეცედენტი და სახელმწიფოს მზრუნველობაში მყოფ საუკეთესო ბავშვებს შესაძლებლობა მისცა უფასოდ ესწავლათ მათთან, უნივერსიტეტი კვლავაც აგრძელებს ამ ტრადიციას.

ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა ბავშვებს სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობა შესთავაზეს, კერძოდ, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად მოესინჯათ კბილის დაბჟენის, ამოღებისა და მკურნალობის მანიპულაციები.

ბავშვებმა, ასევე, დაათვალიერეს კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელმაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები და სტუდენტები აუდიტორიაში შეიკრიბნენ და ისაუბრეს მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხების შესახებ. შეხვედრამ ღია, მეგობრულ, უშუალო ვითარებაში ჩაიარა, მოსწავლეებმა თავიანთი სურვილები და ოცნებები გაანდეს სტუდენტებს, გამოთქვეს შემდგომი შეხვედრის სურვილი და სოციალურ ქსელში დაიმეგობრეს კიდეც ისინი.

თითოეულ მოსწავლეს საახალწლო საჩუქრებიც გადაეცა.

მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები უნივერსიტეტმა და ღონისძიებაში მონაწილე სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა შეიძინეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი