GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვია

6 ივნისს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ეწვია და საჯარო მმართველობის გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა.

ჰუბერტ ქნირშმა, როგორც ამ სფეროს სპეციალისტმა, სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან განიხილა გერმანიის საჯარო მმართველობის სისტემა და პოლიტიკა, ისაუბრა, აგრეთვე, საჯარო მმართველობის დიჯიტალიზაციის, ნეპოტიზმის აღმოფხვრის გზებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

სტუდენტები დაინტერესდნენ გერმანიის მიგრაციის პოლიტიკით, აგრეთვე, ნატოსა და ევროპულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხით. საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასაც შეეხო. ელჩმა საქართველოს სიტუაცია გერმანიის გაყოფას შეადარა და აღნიშნა, რომ ისე როგორც გერმანია გაერთიანდა, საქართველოც დაიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

საჯარო ლექციის შემდეგ ელჩი უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს შეხვდა და უნივერსიტეტის პრიორიტეტების, ერთობლივი, ქართულ- გერმანული, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ესაუბრა.

ჰუბერტ ქნირშმა უნივერსიტეტის კამპუსიც დაათვალიერა, ელჩი განსაკუთრებით კრიმინალისტიკის ლაბორატორიით დაინტერესდა.

ჰუბერტ ქნირშმა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა 2018 წლის სექტემბერში დაიკავა. მას აკადემიური ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, კერძოდ, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკაში, კონსტანცის უნივერსიტეტსა და პარიზის Institut d'études politiques-ში აქვს მიღებული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური