GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მონოგრაფიის – “ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში” წარდგენა გაიმართა

5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, პროფესორ ანა ფირცხალაშვილისა და სამართლის სკოლის ასისტენტის გიორგი მირიანაშვილის მონოგრაფიის – “ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ევროპული კავშირის სამართალში”, წარდგენა.

მონოგრაფია ეძღვნება სამართლებრივ სიკეთეთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანის – ადამიანის უფლებების დაცვას. სწორედ ეს უკანასკნელი არის ევროპული კავშირის, როგორც სუპრანაციონალური ორგანიზაციის, შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და იმავდროულად, მისი საფუძველი.

მონოგრაფიაში განხილულია ევროპული კავშირის სამართლისთვის განსაკუთრებით აქტუალური საკითხები: ევროპული კავშირის მიერთება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე; ეროვნული სამართლის ევროპიზაციიდან ევროპული სამართლის კონსტიტუციონალიზაციამდე; ეკვივალენტური დაცვის დოქტრინა და მისი გავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და სხვა.

გამოცემის რედაქტორია ზაზა თავაძე – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

მონოგრაფია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური