GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში პროექტი „საუბრები ფსიქოლოგიაზე“ დაიწყო

13 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტური ლექტორიუმის ინიციატივით მოსწავლეებისათვის დაიწყო პროექტი „საუბრები ფსიქოლოგიაზე“.

ეს გადაწყვეტილება ფსიქოლოგიის მიმართულების წარჩინებულმა სტუდენტებმა ამ საკითხებისადმი მოსწავლეების დიდი ინტერესის გამო მიიღეს.

პროექტში კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულების 60-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

პირველი შეხვედრა დაეთმო მოწვეული პროფესორის თამარ ჩხაიძის ინტერაქტიურ ლექციას, რომელმაც ისაუბრა ფსიქოლოგიური ტესტების საფუძველზე პიროვნების ტიპების გამოვლენის შესახებ.

ლექციამ მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა.

14-15 მაისს პროექტი სტუდენტი-ლექტორების პოპულარული ლექცია-საუბრებით გაგრძელდება.

სალომე ბერუაშვილი, მანანა გელაშვილი, როენა ბახია, მაგდა ლომაია, ნატა კურტანიძე, გიორგი კარსანიძე, ვეკო ჩეკურაშვილი და ლექსო ცხოვრებაძე თეორიული და პრაქტიკული ელემენტების გამოყენებით მოსწავლეებთან ისაუბრებენ: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის, მავნე ჩვევების (გიმბლინგი, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია), ბულინგის, დეპრესიისა და სუიციდის გამომწვევი ფაქტორებისა და ემოციის მართვის შესახებ.

პროექტი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებითა და ჩართულობით ხორციელდება.

21 მაისს „საუბრები ფსიქოლოგიაზე“ პროფესორ თამარ გაგოშიძის საჯარო ლექციით დაიხურება.

უნივერსიტეტში სტუდენტური ლექტორიუმი ერთი წელია ფუნქციონირებს. ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, მისი მიზანია მიღებული ცოდნის გადაცემა და ამით თაობათა შორის კავშირის განმტკიცება, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა და უნივერსიტეტის პოპულარიზაცია.

სტუდენტური ლექტორიუმის მუშაობაში უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის წარჩინებული სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური