GE

გრიპის შემთხვევების მატების გამო, სასწავლო დაწესებულებებში დასწრების მაჩვენებელი შემცირდა

სეზონური გრიპის შემთხვევების მატების გამო, სკოლებსა და ბაღებში ბავშვების დასწრების მაჩვენებელი შემცირებულია. ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

ბოლო 2 თვის მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 8 სახის ვირუსი ცირკულირებს მათ შორისაა H1N1 ვირუსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლესაც აღმოაჩნდა. მომხდარის გამო, სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, რადგან  სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს. ყველაზე მეტი რაოდენობით ქვეყანაში ამ ეტაპზე A და B ტიპის ვირუსებია დაფიქსირებული.

სეზონური დაავადებების გამო, გადატვირთულია კლინიკები, სპეციალისტები მოუწოდებენ მოქალქეებს სიმპტომების გამოვლენისთანავე, რაც მაღალ ცხელებას და თავის ტკივილს გულისხმობს, მოზარდები სასწავლებელში არ გაუშვან და სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

EDU.ARIS.GE გთავაზობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს სეზონური გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით.

გრიპისგან დაცვის ხუთი მარტივი წესი

გრიპის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრების, ყელის ტკივილი და სურდო. ყოველწლიურად გრიპით ავად ხდება მილიონობით ადამიანი. დაავადებულთა უმეტესობა ერთი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგს შეიძლება არ გაუმართლოს და გრიპი მათთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს.სეზონური გრიპის ეპიდემიებს, როგორც წესი, ადგილი აქვს შემოდგომის ბოლოსა და ზამთარში, შესაბამისად შესაძლებელია სათანადოდ მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.

ჩაიტარეთ აცრები

გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია – ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაიცვათ თავი დაავადებისგან და მისი პოტენციური გართულებებისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია – ორსულობის ვადის მიუხედავად. აცრები მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის. გახსოვდეთ: აცრის შედეგად გრიპით დაავადება შეუძლებელია. დისკომფორტი ან ტემპერატურის უმნიშვნელო მატება ვაქცინაციის შემდგომ – სრულიად ნორმალური მოვლენაა, რაც ჩვეულებრივ 1-2 დღეში გაივლის.

რეგულარულად დაიბანეთ ხელები

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა – საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა. რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება.გახსოვდეთ: ხელების სწორად დაბანას არანაკლებ 15-20 წამი ჭირდება.

ნუ შეეხებით ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს

თვალები, ცხვირი და პირი – გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა. შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს სეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით.

მოერიდეთ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს

გრიპი გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, მაგ.: სამოქალაქო ტრანსპორტში, სასწავლო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში და მასობრივი ღონისძიებების დროს. როდესაც გრიპით დაავადებული აცემინებს ან ახველებს, ვირუსის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები მიმოიფრქვევა ერთი მეტრის რადიუსში და აინფიცირებს მათ, ვინც შეისუნთქავს მათ შემცველ ნაწილაკებს.

თუ ავად ხართ – დარჩით სახლში

თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივმყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლიმყოფებთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შემუშაბვებული  აქვს სპეციალური რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებისთვის, მათ შორის ერთ-ერთი რჩევაა, რომ სასკოლო და ბაღის ავეჯი ყოველდღიურად სველი წესით დამუშავდეს და ოთახები ხშირად განიავდეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური