GE

GRUNI-ში პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების პრეზენტაცია გაიმართა

2022 წლის 20 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ გიორგი მირიანაშვილის სამეცნიერო ნაშრომების – „ევროპის კავშირის სამართალი“, „ადამიანის უფლებათა დაცვის კოლიზიური ევროპული სტანდარტები ექსტრადიციის სფეროში“, „ევროპის კავშირის ცნობარი“, პრეზენტაცია.

ნაშრომები მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. იგი მიმოიხილავს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ღირებულებებს, ინსტიტუტებს, წევრობის კრიტერიუმებს, სამართლის წყაროებს, ევროკავშირის სამართალს ექსტრადიციის სფეროში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ნაშრომების მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში, პროფესიულ წრეებში, იურიდიულ – სამეცნიერო საქმიანობაში ევროპის კავშირის სწავლებისა და კვლევის პროცესის გაძლიერება-სრულყოფა.

პრეზენტაციაზე ავტორმა ისაუბრა ნაშრომების მნიშვნელობისა და პრაქტიკული დანიშნულების შესახებ. მადლობა გადაუხადა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გრუნის მხარდაჭერისათვის.

სიტყვით გამომსვლელებმა: უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, გრუნის რექტორის მოადგილემ გულიკო გალდავამ, საქართველოს ეროვნული უნივერისტეტის ვიცე რექტორმა ანა ფირცხალაშვილმა, პროფესორმა სულხან გამყრელიძემ, აღნიშნეს, რომ განხილული საკითხების აქტუალობის გათვალისწინებით წარმოდგენილი აკადემიური გამოცემები მნიშვნელოვანი შენაძენია არა მარტო გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისათვის, არამედ სამეცნიერო საზოგადოების, აკადემიური და პროფესიული წრეებისა და სახელმწიფო მოსამსახურეების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისითაც.

შეხვედრის დასასრულს ავტორმა მონაწილეებს საჩუქრად გადასცა ნაშრომები.

2023 წელს იგეგმება ნაშრომების მეორე ნაწილის გამოქვეყნება, რომელიც მიეძღვნება ევროპის კავშირის ეკონომიკურ სამართალსა და მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური