GE

„გულშემატკივრების ადგილი დღეს ასეთ დღეში დაგვხვდა“ – რაზე ჩივიან აბიტურიენტების მშობლები (+ფოტო)

დღეს, სამწლიანი პანდემიის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა გულშემატკივართა სიმრავლითა და ჩვეული კრიტიკით – “მათი კომფორტისთვის კვლავ არაფერი შეცვლილა”.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 დღეს სრული სვლით დაიწყო და აბიტურიენტები გამოცდებს საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში აბარებენ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მუხიანის 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების გულშემატკივართა უკმაყოფილებით დაიწყო. მშობლებს და ოჯახის წევრებს საგამოცდო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე “მოუწესრიგებელი” გარემო დახვდათ, რამაც მათი კრიტიკა გამოიწვია.

ისინი EDU.ARIS.GE-სთან ამბობენ, რომ ეგონათ, წელს მაინც იქნებოდა გულშემატკივრებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილები, თუმცა იმაზე უფრო მძიმე პირობები დახვდათ, ვიდრე წარმოედგინათ.

“არ ვიცი სხვა საგამოცდო ცენტრებში რა ხდება, თუმცა აქ ნამდვილად ქაოსია, რაც ეზოდანვე იგრძნობა – მოჭრილი ტოტები, მოცელილი ბალახი, ბინძური პარკები. ადგილი, სადაც ადრე გულშემატკივრები ვიდექით რომ მზეს მოვშორებოდით, დღეს ასეთ დღეში დაგვხვდა. ვფიქრობ, ამის მოწესრიგება მაინც შეეძლოთ”, – განგვიცხადა აბიტურიენტის მშობელმა.

კიდევ ერთმა გულშემატკივარმა კი იმ ტერიტორიაზე მიგვითითა, სადაც დაგროვილი მოცელილი ბალახის გამო, გულშემატკივრები ვერ დგებიან და სიცხეში გადანაცვლება უწევთ:

“თქვენც ხედავთ, რომ ის ბალახიც არ გაუტანიათ, რომელიც მოცელეს და აქვე ყრია. კვლავ სიცხეში ვდგავართ. სკოლა მთლიანად გადაკეტილია, ადრე ის მაინც შეგვეძლო, სკოლის ეზოში ვმჯდარიყავით. ასე არადროს ყოფილა, ამას ნამდვილად არ მოველოდი”.

“უკეთესის მოლოდინები არც მქონდა, მაგრამ ეს ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, ამდენი პერსონალის დაქირავებას და ფულის ფლანგვას, რაც საჭიროა ის გააკეთონ”, – თქვა აბიტურიენტის გულშემატკივარმა.

EDU.ARIS.GE-ს 103-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან ერთ-ერთი გულშემატკივარიც დაუკავშირდა. მას გამოცდების ორგანიზატორებთან ასეთი შეკითხვა აქვს: 103 საჯარო სკოლასთან არ დგას ბიო-ტუალეტები. შარშან პანდემია გქონდათ მიზეზად. ეს ხალხი დარბის წინ და უკან და ტუალეტი არსადაა. იქნებ გამცეთ პასუხი. სტუდენტებს ზოგს რაიონებიდან აკითხავენ და ელოდებიან…”.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური