GE

გვექნება თუ არა სექტემბერში „მე და საზოგადოების“ გრიფირებული სახელმძღვანელო?

დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასასრულს უახლოვდება. თუ გრიფირების „მცოცავი“ გრაფიკის ტენდენციამ კიდევ არ იჩინა თავი, შედეგები მაისის ბოლოს უკვე უნდა გასაჯაროვდეს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, გვექნება ძალიან კარგი და კარგი სახელმძღვანელოები. ასევე, მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახელმძღვანელო გრიფის ნაცვლად „დაწუნებულის“ სახელს  მიიღებს.

გრიფირების კონკურსში მონაწილეობს ახალი საგნის – მე და საზოგადოების – სახელმძღვანელოთა 4 კომპლექტი. გასაგებია, ახალი საგნის სწავლების დაწყებას ახლავს სიძნელეები და კარგი სახელმძღვანელო ეფექტურ რესურსად შეიძლება იქცეს. „მე და საზოგადოების“ მომავალ მასწავლებლებში მოარული ხმებით კი, რომელიც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, მე და საზოგადოების საკონკურსო სახელმძღვანელოებიდან გრიფს ვერცერთი ვერ მოიპოვებს და მასწავლებელიც და მოსწავლეც სახელმძღვანელოს გარეშე დარჩებიან. სხვა, ასევე, დაუზუსტებელი ვერსიით, წარმოდგენილი სახელმძღვანელოებიდან ერთ-ერთი მაინც შეირჩა და ავტორსა თუ ავტორებს მიეცათ რეკომენდაციები შესწორებების შესახებ.

რეკომენდაციების გაცემასა და ოთხივე სახელმძღვანელოს “უკან ჩაბრუნებას” ადასტურებს განათლების სამინისტროს სახელმძღვანელოების გრიფირებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონიაც, თუმცა ამბობს, რომ სახელმძღვანელოს არქონა არ განიხილება: 

“გრიფირებისთვის წარმოდგენილი იყო 4 ალტერნატივა, მე–3, მე–4 კლასი. ოთხივემ გაიარა რეცენზირება და ოთხივე ჩაბრუნდა კონკრეტული რეკომენდაციებით უკან. გამომცემლებმა რეკომენდაციები გაითვალისწინეს, წარმოგვიდგინეს კორექტირებული ვარიანტები და ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპი. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განახორციელეს რეკომენდაციები და მითითებები. საბოლოო შედეგებს მაისის 31–ში ველოდებით. არა მგონია, რომ სექტემბერში მოსწავლეები სახელმძღვანელოს გარეშე დარჩნენ.  ”

მოკლედ, პირველი-მეექვსე კლასის სახელმძღვანელოებიდან „მე და საზოგადოების“ გრიფირებას განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს. ამ მოლოდინის გაცრუების შემთხვევაში, მასწავლებლებს საგნობრივი სტანდარტის მიხედვით მოუწევთ ზრუნვა რესურსებზე, რომლებსაც შედეგების მისაღწევად გამოიყენებენ.

ამავე თემაზე:

სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაცია სკოლებს–ისევ „მე და საზოგადოების“ მასწავლებლებზე

ვინ ასწავლის საგანს „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში?

ყველაზე „რევოლუციური“ ცვლილებები საგნის „მოქალაქეობა“ მიმართულებით არის გათვალისწინებული

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური