GE

„გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში ისწავლეს”, – მიშელ კაფენბერგერი პანდემიის დანაკარგებზე

პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებზე საუბრისას, „საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესების კვლევის“ (RISE) პროგრამის მეცნიერი თანამშრომელი, მიშელ კაფენბერგერი ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ „სკოლაში დაბრუნებული ბავშვები კურიკულუმის მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებენ“.

კაფენბერგი ვრცელი მოხსენებითა და პრეზენტაციით, თემაზე „კოვიდ-19-ით გამოწვეული სასწავლო პროცესის პოტენციური დანაკარგი და მისი შემსუბუქების სტრატეგიები – საერთაშორისო გამოცდილება“, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა.

„არის მოსწავლეების ნაწილი, რომელთა სწავლის დონის მაჩვენებელი არ შეცვლილა, რადგან მათ ან ძალიან ცოტა, ან საერთოდ არაფერი არ ისწავლეს. მოსწავლეების მეორე ნაწილში კი გვყავს ბავშვები, რომლებსაც რეალურად დაავიწყდათ ის მასალა, რაც სკოლებში სიარულისას ისწავლეს და მათი სწავლის მაჩვენებელი დაეცა“, – განაცხადა კაფენბერგერმა.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ბავშვები სკოლაში დაბრუნების შემდეგ ჩამორჩენილები იქნებიან“, – ამბობს საგანმანათლებლო სისტემებისა და სწავლის შედეგების მკვლევარი და ამის დასტურად მოჰყავს დიაგრამა, რომელიც სკოლების დახურვისას სასწავლო დანაკარგის მაჩვენებელს ასახავს. დიაგრამაზე ვხედავთ, რომ სწავლების დონე ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სკოლები არ დაიხურებოდა. სკოლების დახურვამ კი გამოიწვია ის, რომ მოსწავლეების ერთმა ნაწილმა ძალიან მცირე განათლება მიიღო, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი სწავლის დონე არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევაც.

მიშელ კაფენბერგერი არის „საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესების კვლევის“ (RISE) პროგრამის მეცნიერი თანამშრომელი და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ბლავატნიკის სახელობის მართვის სკოლის აფილირებული პერსონალი, საგანმანათლებლო სისტემებისა და სწავლის შედეგების მკვლევარი. მუშაობდა მსოფლიო ბანკში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე ფინანსური ხელმისაწვდომო- ბის, სოციალური დაცვის სისტემებისა და საერთაშორისო განათლების განხრით. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ათობით ემპირიული კვლევა. მიშელ კაფენბერგერი ასევე მუშაობდა მრჩევლისა და კონსულტანტის პოზიციაზე ბილ და მელინდა გეიტსების ფონდში, გაეროში, აზიის განვითარების ბანკში, კერძო სექტორსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში.

ამავე თემაზე:

„გახანგრძლივდეს სასწავლო პროცესი და სკოლაში გატარებული დრო 3-4 საათამდე“ – რა გველის, თუ პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს ვერ დავძლევთ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური